2010 წლის 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, ”შერატონ მეტეხი პალასში” გამოფენა-ფორუმი გაიმართება. გამოფენა საშუალებას მისცემს მონაწილეებს გაავრცელონ ინფორმაცია და წარმოაჩინონ ის აქტივობები, რომლებიც მათ განახორციელეს შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ თემებზე. ასევე მიეცემათ საშუალება, წარმოაჩინონ თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიერ ან მათთვის შექმნილი პროდუქტები, როგორიცაა: ფოტოები, ვიდეო-მასალა, პროექტის აქტივობები, საზოგადოების ინფორმირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები, ლექსები თუ სხვა ლიტერატურული ნაწარმოებები, ტელე-რეპორტაჟები, ინტერესების დაცვის (ადვოკატირების) აქტივობები, სახელმძღვანელოები და სხვა.
ღონისძიება დაიწყება ფოტო მასალების გამოფენითა და სოციალური კლიპების, სტატიების, დოკუმენტური ფილმების, ტელე- რეპორტაჟების, პროექტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესების დაცვაზე მიმართული აქტივობების პრეზენტაციებით. მოეწყობა “მრგვალი მაგიდის” ფორმატის დისკუსიები შემდეგ თემებზე:
- ჯანდაცვა, დასაქმება და სოციალური დაცვა;
- განათლება: ხელმისაწვდომობა და ხარისხი;
- ხელმისაწვდომი/ინკლუზიური გარემო/ინფრასტრუქტურა;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თვითრეალიზაცია.
ღონისძიება დასრულდება საუკეთესო ნამუშევრების ავტორებისა და წლის ინტერესთა დამცველის საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალით. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო ფოტო;
- საუკეთესო სტატია;
- საუკეთესო სოციალური რგოლი;
- საუკეთესო ვიდეო რგოლი;
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი;
- საუკეთესო სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი;
- ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტი;
- საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტი;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესების დამცველი.
გამოფენა-ფორუმში მონაწილეობას ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველოც” იღებს. ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების სრულფასოვან ცხოვრებას საზოგადოებაში, მათ აქტიურ თანამონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობებში, სადაც მათი უფლებები სათანადოდ იქნება დაცული. ფონდი თავის საქმიანობებით ხელს უწყობს შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციას და მიიჩნევს, რომ ამ პირებს სრული უფლება აქვთ მიიღონ სათანადო მომსახურება და განათლება ისე, რომ არ შეილახოს მათი, როგორც სრულფასოვანი მოქალაქეების უფლებები. ამგვარი მომსახურება მხოლოდ საზოგადოების თანადგომით და თემში ჩართულობის გზითაა შესაძლებელი. ფონდი ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ თემზე დაფუძნებულ პროგრამებს, აწარმოებენ ადვოკატირებას შშმ პირთა სოციალური ინკლუზიისათვის, ემსახურებიან საზოგადოების ინფორმირებულობის მიზანს შშმ პირთა უფლებებისა და მდგომარეობის შესახებ და ა.შ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნა მოხდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “თანაბარი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის”, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან – ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” და “პირველი ნაბიჯი საქართველოსთან” ერთად.
დამატებითი ინფორმაციისათვის გამოფენა-ფორუმის შესახებ ეწვიეთ კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ვებ გვერდს.