26 ოქტომბრის არჩევნები მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლის, ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის, ძალადობისა და მოსყიდვის დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით ჩატარდა. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა. შედეგი, რომელიც ცესკომ გამოაცხადა, არ ასახავს მოქალაქეების ნებას. ეს არ იყო არჩევნები, რადგან ის არ იყო ფარული, თავისუფალი და სამართლიანი.
ამ ვითარებაში გვესმის, რომ საზოგადოებაში შესაძლოა ბევრი იმედგაცრუებულია, თუმცა აუცილებელია, ვიცოდეთ რას მივაღწიეთ ამ დრომდე:
რა უნდა გავაკეთოთ:
1. ჩვენი ყველას მიზანი ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მიღწევაა. ამ მიზანზე შეთანხმება აუცილებელია საზოგადოების ყველა ჯგუფს შორის.
2. ძალაუფლებაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან, “ე.წ. ხელისუფლებასთან” თანამშრომლობაზე უარის თქმა ყველა ფორმატში.
3. უნდა მოხდეს საერთაშორისო იზოლაცია იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც ხელისუფლება კრიმინალის გზით მოიპოვა; ამისთვის უნდა გაგრძელდეს მუშაობა საერთაშორისო არაღიარების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად;
4. სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვხატავთ მზადყოფნას, ევროკავშირის ტექნიკურ მისიას მივაწოდოთ საარჩევნო დარღვევების დოკუმენტირებული მტკიცებულებები, შევახვედროთ მოწმეები.
5. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებას ეცნობოს იმ პირთა ვინაობა, ვინც ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებებს ასრულებდა არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო საზოგადოებამ კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც ივანიშვილს არჩევნების გაყალბებასა და გაყალბების სქემების განხორციელებაში ეხმარებოდა.
6. აუცილებელია ოპოზიციური ძალების ქმედებების კოორდინაცია და ერთიანი მოთხოვნის კომუნიკაცია არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის და ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან.
7. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას, არ უნდა მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში. არც ერთი ოპოზიციზიური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში;
8. მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაცია. პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს საქმიანობას საკუთარი კონტაქტების გამოყენებით საერთაშორისო ზეწოლის და მოთხოვნების გასაძლიერებლად. მივესალმებით 18 ნოემბერს პრეზიდენტის მხრიდან მოვლენების განვითარების საკუთარი ხედვის წარმოდგენას.
9. აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა და მობილიზაცია. მშვიდობიანი მასობრივი მობილიზაცია და პროტესტების მოთხოვნები მიმართული უნდა იყოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ; მოქალაქეებო, ჩვენი სამომედო გეგმა არის ამ საპროტესტო აქციებზე დგომა. ეს არის ყველაზე დიდი საქმე, რასაც გავაკეთებთ. ხალხს დანაშაულებრივად წაგვართვეს ძალაუფლება, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ კონსტიტუციური უფლებები, აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი.
უნდა გვახსოვდეს ის, რომ როგორიც იქნება საქართველოს მოქალაქეების შეურიგებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ, ისეთივე იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება. არავინ იბრძოლებს ჩვენ ნაცვლად, მაგრამ ისინი იდგებიან ჩვენ გვერდით, თუ ჩვენ არ შევეგუებით მიტაცებულ არჩევნებს და მოპარულ ევროპულ მომავალს. მხოლოდ საერთო ეროვნული შეურიგებლობა და კოორდინაცია ყველა ჯგუფს შორის არის გზა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ხელახალ არჩევნებამდე. და ამას ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ჩვენი ერთიანობით, შეურიგებლობით და სამართლანი პროტესტით!
ხელმომწერი ორგანიზაციები: