ქრისტოფერ სტოუნი ‘ღია საზოგადოების ფონდების’ ახალი პრეზიდენტია

05.07.2012

2012 წლის 2 ივლისს “ღია საზოგადოების ფონდების” ახალმა პრეზიდენტმა, ქრისტოფერ სტოუნმა მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.

ქრისტოფერ სტოუნი საერთაშორისო ექსპერტია სისხლის სამართლის რეფორმების დარგში და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღანელობისა და მართვის სფეროში.

“ღია საზოგადოების ფონდებში” მუშაობის დაწყებამდე (2012 წლის ივლისი) ბატონი სტოუნი ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი იყო სისხლის სამართლის დარგში და არაკომერციული ორგანიზაციების ჰაუზერის ცენტრის დირექტორის თანამდებობა ეკავა. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე ბატონი სტოუნი ათი წლის განმავლობაში ვერას სამართლის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ბატონმა სტოუნმა დაარსა ჰარლემის სამეზობლო დაცვის სამსახური (NDS). იგი ასევე იყო ნიუ-იორკის შტატის სიკვდილმისჯილთა დაცვის ოფისისა და გლობალური ალიანსის Altus დამფუძნებელი დირექტორი.

ქრისტოფერ სტოუნმა ბაკალავრის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო, მაგისტრის ხარისხი კრიმინოლოგიის დარგში – კემბრიჯის უნივერსიტეტში, დოქტორის ხარისხი კი – იელის სამართლის სკოლაში. ბატონ სტოუნს გაერთიანებული სამეფოს სისხლის სამართლის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში შეტანილი წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცა.

ქრისტოფერ სტოუნამდე ‘ღია საზოგადოების ფონდებს’  არი ნაიერი ხელმძღვანელობდა (1993-2012). 2012 ამჟამად, არი ნაიერი ‘ღია საზოგადოების ფონდების’ საპატიო პრეზიდენტია (President Emeritus).

 

###

 

ქრისტოფერ სტოუნის ხედვა ღია საზოგადოების ფონდებთან დაკავშირებით, 2 ივლისი, 2012