ღია გალერეა წარმოგიდგენთ გამოფენას: ”უკეთესი მომავლისათვის”

02.03.2011

1 მარტს “ღია გალერეა” -ში მიუსაფარი და სოციალურად დაუცველი ბავშვების ნახატების გამოფენა გაიხსნა. ნამუშევრები ორგანიზაციის “ბავშვი და გარემო”-ს ბავშვთა ცენტრის “ბეღურები” 32 აღსაზრდელს ეკუთვნის.

გაზაფხული, ოჯახი, სახლი, დედა-შვილობა, მეგობრობა ის თემებია, რაც წარმოდგენილ 50 ნახატშია ასახული. თითოეული მათგანში იგრძნობა სითბო, რომელიც ამ მოზარდებს ცხოვრებაში აკლიათ.

გამოფენა მარტის თვეში დაგეგმილი საქველმოქმედო კამპანიის “უკეთესი მომავლისათვის” პირველ ეტაპს წარმოადგენს, რომლის მიზანი ერთის მხრივ, ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ფინანსური სახსრების მოძიებაა. ფინანსური სახსრები კი ორგანიზაციას თბილისის მერიის მიერ გადაცემული, აბასთუმანის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის ესაჭიროება. ახალ შენობაში იფუნქციონირებს სადღეღამისო ცენტრი, რაც ორგანიზაციას საშუალებას მისცემს უფრო მეტ ბავშვს გაუწიოს დახმარება.

“ჩვენი ორგანიზაცია 16 წელია  6-17 წლამდე მიუსაფარ  ბავშვებს ეხმარება, რომელთა სავარაუდო რაოდენობა 1600-ს აღწევს. “ბავშვი და გარემო” უზრუნველყოფს უსახლკარო ბავშვებს თავშესაფრით, საკვებით, ტანსაცმლით; ეხმარება მათ ცოდნისა და განათლების მიღებაში.

თავდაპირველად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით საქმიანობა დავიწყეთ მობილური სამსახურის შექმნით. მის შემადგენლობაში შედიოდნენ მოხალისეები, რომლებიც ბაღებსა და პარკებში, ეკლესიებთან, ბაზრებთან, სადგურების ტერიტორიაზე, უბრალოდ ქუჩებში აგროვებდნენ მიუსაფარ ბავშვებს, კვებავდნენ და მკურნალობდნენ მათ, ამარაგებდნენ აუცილებელი ტანსაცმლით, ასწავლიდნენ წერა-კათხვას. ეს იყო მიუსაფარ ბავშვებთან ამგვარი ურთიერთობის პირველი პრეცედენტი საქართველოში.”- ამბობს ნანა იაშვილი, ორგანიზაციის “ბავშვი და გარემო” დირექტორი.