ღია გალერეა წარმოგიდგენთ ორი ქართველი ფოტოხელოვანის ერთობლივ გამოფენას სახელწოდებით ”ნადირობა”

01.11.2011

ნადირობა

ლეონიდ მუჯირი, კახა კახიანი
2011 წლის
4 – 18 ნოემბერი
გახსნა პარასკევს, 4 ნოემბერს, 18:30-20:00 საათი

ღია გალერეა წარმოგიდგენთ ორი ქართველი ფოტოხელოვანის ერთობლივ გამოფენას სახელწოდებით “ნადირობა” . გამოფენის მიზანია წარმოადგინოს ნადირობა, როგორც გართობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სათავეს იღებს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციაში.  გამოფენა ეხმაურება ნადირობის წესებსა და პროცედურებში ცვლილებების კანონპროექტის შესახებ გამართულ დისკუსიებს .

ბოლო ორი ასწლეულის განმავლობაში მიმდინარე ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის პროცესებმა  ნადირობა, რომელიც ოდესღაც ფიზიკური გადარჩენის საშუალებას წარმოადგენდა, დროს ტარების, დიდგვაროვნების გართობისა და სპორტულ თამაშად აქცია. მიუხედავად ნადირობის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, იგი ყოველთვის იზიდავდა შემოქმედთა ყურადღებას.  გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები მიზნად არ ისახავს ნადირობის მიმართ   მაყურებლის პოზიტიური თუ ნეგატიური დამოკიდებულების  შეცვლას.  ახალგაზრდა შემოქმედები არ აყენებენ მორალურ და ფილოსოფიურ საკითხებს და ნადირობის თემას უდგებიან როგორც თანამედროვე ცხოვრების სოციალურ, კულტურულ და მხატვრულ ფენომენს. 

ლეო მუჯირის ფოტოებზე ასახული ნადირობის სცენები გადაღებულია დიდ ბრიტანეთში. ნამუშევრებში ხაზგასმულია მონადირეთა ორგანიზებულობა და მკაცრი ნადირობის წესები:  ფოტოებზე გამოსახული შეიარაღებული, ტვიდის კოსტიუმებში გამოწყობილი მონადირეთა ჯგუფი სასტვენიანი ეგერის  მიერ დაყოფილია მსროლელებად და მომრეკებად. 

სრულიად განსხვავებულ გარემოს ასახავს კახა კახიანის საქართველოში გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები.  ფოტოებზე ვხედავთ ახალგაზრდების ჯგუფს, რომელიც არ გამოირჩევა სპეციალური მონადირის აღჭურვილობითა და ფორმით, და მხოლოდ თოფებითა და მათი თანმხლები ძაღლით ვხვდებით, რომ ისინი მონადირეები არიან. ისინი ყოველგვარი ორგანიზებულობისა და “თამაშის” წესების დაცვის გარეშე დახეტიალობენ მინდვრებსა და ჭალებში, ტკბებიან თავიანთი თავისუფლებითა და ერთობიან.  ეს ორი განსხვავებული დამოკიდებულება ნადირობის “თამაშის” მიმართ განაპირობებს ორი ახალგაზრდა შემოქმედის ესთეტიკურ არჩევანს: ერთ მათგანთან  ეს არის ნადირობის რეალისტურ-დოკუმენტირი სცენები, მეორესთან კი ნისლში გახვეული რომანტიკული პეიზაჟები.