13 დეკემბერს, ორშაბათს, 18 საათზე ”ღია გალერეა” წარმოგიდგენთ თბილისის ხიდებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენას. გამოფენის ორგანიზატორია თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება “ტფილისის ჰამქარი”. ღონისძიება ეძღვნება მუხრანის ხიდის გახსნის 100 წლისთავს.
“ტფილისის ჰამქარი” ხელს უწყობს ძველი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ძველი ქალაქური ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზებასა და ურბანული საკითხებისადმი ყურადღების მიპყრობას. ორგანიზაციამ ამ საკითხებს არაერთი გამოფენა, აქცია თუ გამოცემა მიუძღვნა.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის ხიდების ამსახველი 30-მდე საარქივო და თანამედროვე ფოტო, შესაბამისი განმარტებითი ბარათებით, რომელიც მე-19-20 საუკუნის ფოტოხელოვანთა არქივებში დაცულ მასალაზე დაყრდნობით თბილისის ხიდების ისტორიაზე მოგვითხრობს. წარმოდგენილი ფოტოების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია 22 ხიდის ისტორიას გავადევნოთ თვალი, საიდანაც 11 პირვანდელი სახით აღარ არსებობს, ზოგიერთი დანგრეული და გაუქმებულია, ზოგიც- გადაკეთებული. გამოფენა გაიხსნება ლექციით, რომელიც თბილისის ხიდების მცირე ექსკურსს და მათ ისტორიას მოიცავს. გამოფენა განსაკუთრებით საინტერესო იქნება თბილისის ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის.
გამოფენა ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ტარდება.