ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები ბიზნესის ადმინისტრირების ინტენსიურ კურსს გაივლიან

22.01.2010

 

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ეკონომიკური განვითარების პროგრამა ახორციელებს პროექტს “ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება და თვითდასაქმების ხელშეწყობა”, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შედეგად დაზარალებულ ადამიანთა, კერძოდ 2003 წლის შემდგომ პერიოდში სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან დათხოვილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში უკეთ გათვითცნობიერებითა და მათთვის რესოციალიზაციის ახალი პერსპექტივების დასახვით.

პროექტის “ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება და თვითდასაქმების ხელშეწყობა” ფარგლებში მოხდება ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა გადამზადება, ისინი შეიძენენ ბიზნესის წარმარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
პროექტის მონაწილეებს გაეწევათ ბიზნეს კონსულტაციები, რათა მათ მიერ შემუშავებული ბიზნეს გეგმები შეესაბამებოდეს ბანკების მოთხოვნებს. ტრენინგისა და კონსულტაციების დროს მონაწილეები შეძლებენ საპრეზენტაციო უნარებისა და ტექნიკის დახვეწას. ისინი შეიმუშავებენ საკუთარი ბიზნეს გეგმების პრეზენტაციას.

პროექტის პირველ ეტაპზე 21-22 ივლისს მონაწილეებმა გაიარეს ორდღიანი შესავალი კურსი ბიზნესის საფუძვლების შესახებ.

შესავალი კურსის მიზანი გახლდათ, მონაწილეები გაცნობოდნენ ბიზნესის წარმოების ძირითად საფუძვლებს. 
სალექციო კურსი მოიცავდა შემდეგ თემატიკას:  მეწარმეობა და მისი ტიპები; მარკეტინგის საფუძვლები:

 

ბაზრის აღწერა, პროდუქტი, ფასწარმოქნა, კომუნიკაცია; წარმოების ორგანიზების საფუძვლები; ფინანსების მართვა. მონაწილეებს დაურიგდა საპრეზენტაციო მასალა.
კურსი მიმოხილვით ხასიათს ატარებდა და წარიმართებოდა ლექციების სახით, ლექციის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხი, სადაც პროექტის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილები იმ საკითხებზე, რომელთა განხილვასაც ისინი უფრო დაწვრილებით შეძლებენ.
15 სექტემბერს დაიწყო პროექტის შემდგომი ეტაპი. მონაწილეები გაივლიან 10-დღიან ინტენსიურ სასწავლო პროგრამას ბიზნეს ადმინსტრირებაში. მათ გადაეცემათ სპეციალური სახელმძღვანელო, საპრეზენტაციო მასალა და სავარჯიშოების სახელმძღვანელო.
სასწავლო კურსის მიზანია მეწარმემ ისწავლოს საკუთარი ბიზნესის კრიტიკული დაგეგმვა და საკუთარი ბიზნეს გეგმის წარმოჩენა.

კურსის მსვლელობისას მონაწილეები იმუშავებენ სპეციალურად შედგენილ მაგალითზე (“სპეცქეისი”), რომლისთვისაც შეიმუშავებენ ბიზნეს გეგმას. შესაბამისად 10 დღის მანძილზე მონაწილეები დაეუფლებიან ბიზნესის მართვის თეორიის პრაქტიკულ საკითხებს და ასევე შეიძენენ ბიზნესის დაგეგმვის გამოცდილებას.

სასწავლო კურსის გავლისას მიღებული ცოდნის გამოყენებთ, საკუთარ ბიზნეს იდეაზე დაყრდნობითა და კვალიფიუციური კონსულტანტების დახმარებით პროექტის მონაწილეებს მიეცემათ ბიზნეს გეგმების შექმნის საშუალება.

 

თამარ პირველი
ეკონომიკური განვითარების პროგრამა