ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგის სერთიფიკატები გადაეცათ

22.01.2010

 

პროექტის “ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება და თვითდასაქმების ხელშეწყობა” ძირითად მიზანს წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შედეგად დაზარალებულ ადამიანთა, კერძოდ 2003 წლის შემდგომ პერიოდში სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან დათხოვილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში უკეთ გათვითცნობიერებითა და მათთვის რესოციალიზაციის ახალი პერსპექტივების დასახვით.  
სასწავლო კურსის ფარგლებში დამწყები მეწარმეები გაეცნენ რამოდენიმე ძირითად საკითხს: სტრატეგია, მარკეტინგი, ოპერაციები, ფინანსები. თითოეული საკითხი რამოდენიმე ქვეპუნქტისაგან შედგებოდა.
სასწავლო პროგრამაში განხილული იყო თუ როგორ უნდა განისაზღვროს სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესში, როგორ უნდა იქცეს მეწარმის ხედვა (entrepreneur vision) ჩამოყალიბებულ საბაზრო პოზიციად. აქვე ყურადრება გამახვილებული იყო იმ საკითხებზე, რომელიც მეწარმემ ბიზნესის სტრატეგიის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს: მეწარმე და ხედვა; ბაზრის მოდელი; მომხმარებელი და ბაზრის რაოდენობრივი მახასიათებლები; მომხმარებელი და ბაზრის ხარისხობრივი მახასიათებბლები; პროდუქტი და ფასი; კონკურენცია, ბაზრის წილი და გაყიდვის პროგნოზი; ბიზნეს გარემო.
მარკეტინგის კუთხით მნიშვნელოვანია, თუ როგორ მივაღწიოთ მომხმარებლამდე ანუ როგორ მოვახდინოთ კომუნიკაცია და დისტრიბუცია (communication and distribution). ამ მიმართებით განიხილებოდა შემდეგი საკითხები: პოზიციონირება (positioning); რეკლამა; გაყიდვის ხელშეწყობა (promotion); გაყიდვა (personal selling); დისტრიბუცია (distribution).

 

ოპერაციების მართვისას (operations management) მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ იქცეს მცირე ბიზნესის სტრატეგია მოქმედებად. ამ შემთხვევაში მეწარმემ ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ საკითხებზე: ოპერაციების მართვის მნიშვნელოვნება; დაგეგმვა; სამუშაო პროცესი; ადგილმდებარეობა და განლაგება; საწარმოო სიმძლავრე; მომარაგების ჯაჭვი; ადამინური რესურსები; ხარისხი.
სასწავლო პროგრამაში ასევე განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო ფინანსების მართვას (financial management). ბიზნესის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია სწორი ფინანსური დაგეგმვა და ინვესტიციის ანალიზი. ტრენინგის ამ ნაწილში განიხილებოდა შემდეგი საკითხები: დაგეგმვის მნიშვნელოვნება; დაგეგმვა მოკლევადიან პერსპექტივაში (one year horizon); ხარჯის, მოცულობის და მოგების ანალიზი (cost volume profit analysis); დაგეგმვა გრძელვადიან პერსპექტივაში და ინვესტიციის ანალიზი (investment analysis).
მონაწილეებს დაურიგდა სპეციალური სახელმძღვანელოები, საპრეზენტაციო მასალა და სავარჯიშოების სახელმძღვანელოები. კურსის მსვლელობისას თითოეულ თეორიულ საკითხს კონკრეტული პრაქტიკული სავარჯიშოები ახლავდა.
სასწავლო კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
პროექტის შემდგომ ეტაპს წარმოადგენს ბიზნეს გეგმების შემუშავება. ამ პროცესში პროექტის მონაწილეებს გამოცდილი სპეციალისტები გაუწევენ კონსულტაციებს.

 

თამარ პირველი
ეკონომიკური განვითარების პროგრამა