ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივის მხარდაჭერით კავშირის – ,,ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” ბაზაზე არსებულ დღის ცენტრში განხორციელდა იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მოზიდვა, რომლებიც ადრე სახლებში იყვნენ იზოლირებულნი და არც ერთ სასწავლო თუ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არ დადიოდნენ. მოხდა მათი ინდივიდუალური შეფასება მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ და სასწავლო/სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება. აქვე მათ უტარდებათ სოციალური ადაპტაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბავშვთა ჩართვისათვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაობი, რაც ინკლუზიური განათლების მოდელს მიეკუთვნება. ოქტომბერში კავშირის – ,,ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” ბაზაზე არსებულ დღის ცენტრს სტუმრად ეწვივნენ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) სხვადასხვა ქვეყნის 17 წარმომადგენელი (მათ შორის ვაშინგტონის ცენტრალური ოფისიდან), ცენტრის მუშაობის გაცნობის მიზნით შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. სტუმრები გაესაუბრნენ პედაგოგებს, ბავშვებს, დაათვალიერეს ცენტრი, ზედმიწევნით დაინტერესდნენ ცენტრის მუშაობის მეთოდოლოგიით. აღსაზრდელებმა სტუმრებს კონცერტი გაუმართეს, უჩვენეს ორგანიზაციის მიერ მომზადებული სოციალური რგოლები ინვალიდობის თემაზე, რომლების სხვადასხვა დროს ნაჩვენები იქნა ტელე-ეთერით. |
მასალა მოგვაწოდა: ლიკა გიორგაძემ ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის – “ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივა” კოორდინატორი |