2011 წლის 28 ივლისს, ხუთშაბათს (10:00-დან 18:00 საათამდე) სასტუმროში “რადისონ ბლუ-ივერია” ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, საქართველოს სახალხო დამცველი და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, გიწვევთ კონფერენციაზე – “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების წარმატებული მიდგომები ადგილობრივ დონეზე”.
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობას საქართველოში.
შეხვედრის მსვლელობისას, საქართველოში უნარშეზღუდულ პირთა პრობლემების შესახებ მოხსენებებით გამოვლენ სახალხო დამცველი, სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, პოლონეთის, ბელორუსიის, სომხეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის და უკრაინის წარმომადგენლები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებს და ამ მხრივ, საქართველოში არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან. ამასთან, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასაც გაუზიარებენ.
კონფერენციის მსვლელობისას, მასში მონაწილე ორგანიზაციებს შორის, გაფორმდება მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
კონფერენციის მონაწილეები, საქართველოში ვიზიტისას, მოინახულებენ იუსტიციის სახლს, ბავშვთა ნევროლოგიისა და რეაბილიტაციის ცენტრს, ასევე, საქართველოს რეგიონებში არსებულ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრებს…
აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი, მიმდინარე წელს, პოლონეთში განხორციელდა, ხოლო დასკვნითი ეტაპის ჩატარება უკრაინაშია დადეგმილი, სადაც მონაწილეთა მიერ შემუშავდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ გამოვლენილი პრობლემების დაძლევის სტრატეგია.
კონფერენცია ტარდება ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” და პროგრამის “აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრებს გარეშე” ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების წარმატებული მიდგომები ადგილობრივ დონეზე” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობით.