ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივის მხარდაჭერით კავშირის – ,,ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” ბაზაზე არსებულ დღის ცენტრში განხორციელდა იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მოზიდვა, რომლებიც ადრე სახლებში იყვნენ იზოლირებულნი და არც ერთ სასწავლო თუ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არ დადიოდნენ. მოხდა მათი ინდივიდუალური შეფასება მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ და სასწავლო/სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება. აქვე მათ უტარდებათ სოციალური ადაპტაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბავშვთა ჩართვისათვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაობი, რაც ინკლუზიური განათლების მოდელს მიეკუთვნება.
კავშირის ბაზაზე ფუნქციონირებს დღის მოვლის ცენტრი, სადაც ამჟამად იმყოფება 30 ბავშვი და მოზარდი. ცენტრი განსაზღვრულია სხვადასხვა დიაგნოზის შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირებისათვის ხუთი წლიდან ზემოთ.
ცენტრის მომსახურება იყოფა სამ ასაკობრივ ჯგუფად: უმცროსი ჯგუფი (5 – 11 წელი), უფროსი (12 – 16 წელი) და პროფესიული (16 წლის ზემოთ). უმცროსი ჯგუფის მუშაობის მიზანია სკოლისათვის მზაობის უნარ-ჩვევების განვითარება და შემდგომი ინკლუზიური განათლებისთვის მომზადება.
კავშირის აღსაზრდელები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
მასალა მოგვაწოდა: ლიკა გიორგაძემ
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის – “ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივა” კოორდინატორი