ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე- ბაია გადაბაძის ბლოგი

17.10.2012

 

 

ეძღვნება პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღის 2012 წლის თემას: ‘პალიატიური მზრუნველობა ხანდაზმულთათვის’.

ავტორი: ბაია გადაბაძე, 17 ოქტომბერი, 2012

წაიკითხეთ ორიგინალი ‘ფეისბუქი’ს გვერდზე.

ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე!

გიფიქრიათ თუ არა, როდის უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმისათვის, რომ სიბერე ღირსეულად გავატაროთ? ჟამი, როდესაც ყველაზე უმწეო ხარ; დრო, როდესაც გჭირდება ზრუნვა, ნუგეში, ირგვლივ მოსიყვარულე ადამიანები, რომელთათვისაც არ ხარ მძიმე ტვირთი; გარემო, სადაც ხარ მშვიდად, სადაც არ გემუქრება შიმშილი, შეურაცხყოფა, შორეული ნათესავის იმედად დარჩენილს საკუთარი ბინიდან გამოსახლება… მძიმეა ამ ყველაფრის გააზრება, მაგრამ ხშირად ეს რეალობაა. არავინ და არაფერია ქვეყნად მომვლელისა და ღვთის ანაბარად დარჩენილ მოხუცზე გულის მომკვლელი. რა თქმა უნდა, რთულია ობლად დარჩენილი ბავშვის ხვედრიც, მაგრამ მას ხომ მთელი ცხოვრება წინ აქვს, აქვს მომავალიც, იმედის ქონის უფლებაც და შანსიც. მარტო დარჩენილ მოხუცს კი ახალგაზრდობის წლები უკვე უკან მოუტოვებია, აღარც ენერგია აქვს ძველებური და პირისპირ დგას მკაცრი რეალობის წინაშე.

ახალგაზრდობაშივე მივხვდი, რომ სიბერისათვის ახლავე უნდა მოვემზადოთ, ყველანაირი ინვესტიციის, რომელსაც ჩავდებთ საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად, გარკვეული ნაწილი ათეული წლების შემდგომი პერიოდისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, არამხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით.

შვილების გაზრდა და მათი წარმატება მათსავე ნათელ მომავალთან ერთად მშობლების ღირსეული სიბერეცაა, იმიტომ რომ არაფერი სჭირდება ადამიანს ისე ძლიერ, როგორც გარშემომყოფთა სიყვარული. საპენსიო ფონდში ფულის დაგროვებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მორალური ფონდი და სიყვარული, რასაც ცხოვრების განმავლობაში გავცემთ შვილებისთვის. ჩვენც ისე უნდა მოვექცეთ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს, როგორც თავად ვისურვებდით მოგვექცნენ მომავალში. შეიძლება ითქვას, ცხოვრებაში გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს ერთგვარად იმახსოვრებს შთამომავლობა, შემდეგ კი სიბერეში გვიბრუნდება სანაცვლოდ. დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა: ვასწავლეთ თუ არა შვილებს შრომა სიზარმაცის ნაცვლად? ვაჩვენეთ თუ არა, რას ნიშნავს უანგარო სიყვარული? გავაკეთეთ თუ არა ყველაფერი იმისათვის, რომ ისინი მომავალში დამოკიდებული იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე? ვუთხარით თუ არა, რომ კონფორმიზმი ცუდია და ღირსებაზე დიდი ღირებულება არ აბადია ადამიანს. თუ ის ყველაფერი, რაც ცხოვრებამ და გამოცდილებამ შეგვძინა, შვილებს ვასწავლეთ, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ “მორალური საპენსიო ფონდიდან” მცირე დივიდენდს მაინც მივიღებთ.

ერთი წლის წინ, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ სასნეულო სალხში, იმავე ჰოსპისში. ეს არის ადგილი, სადაც უკურნებელი სენით დაავადებულები ცხოვრების უკანასკნელ დღეებს ატარებენ. მათზე ზრუნავენ ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ავადმყოფს ფიზიკურ ტკივილთან ერთად სულიერი მდგომარეობაც შეუმსუბუქონ, რაც ხშირად უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვისთვისაც დიაგნოზი განაჩენის ტოლფასია. ჰოსპისში არა მხოლოდ პაციენტის, არამედ მისი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ზრუნავენ.

ჰოსპისი – ეს არ არის მოხუცთა თავშესაფარი, ან კლინიკა გარკვეული პრივილეგიების მქონე ადამიანებისთვის. ეს არის ადგილი, სადაც ავადმყოფებზე ზრუნავენ გულისხმიერი პროფესიონალები. პალიატიური მზრუნველობა არის სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების, აგრეთვე არაპროფესიონალების, მათ შორის პაციენტის ოჯახის წევრებისა და სხვა ახლობლების, ერთობლივი ზრუნვა უკურნებელი სენით დაავადებულებზე. პალიატიური მზრუნველობა ვერ გაახანგრძლივებს სიცოცხლეს, თუმცა ის სრულად ცვლის პაციენტის მდგომარეობას, რადგანაც ისინი ტკივილით აღარ იტანჯებიან.

პალიატიური მზრუნველობის პირველი კლინიკები ჩვენს რეალობაში მხოლოდ 8-9 წლის წინ ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ასეთი პროფილის სასნეულო სახლები ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველომ” დააფინანსა, მათი დახმარებით ეს პროგრამა პრიორიტეტულად იქცა და დღეს უკვე სახელმწიფო აფინანსებს პროგრამებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ამდაგვარი მოვლა-მზრუნველობის ბინაზე მიღება.Gგარკვეულ შემთხვევებში მომსახურების საფასური მთლიანად სახელმწიფოს მიერ იფარება,  ზოგჯერ საფასურის ნაწილს პაციენტი იხდის, სტაციონარში პალიატიური მზრუნველობის საფასურს, გარკვეული გამონაკლისების გარდა, სადაზღვევო კომპანიებიც ანაზღაურებენ.

ამ თემაზე მუშაობისას ისიც შევიტყვე, რომ უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს კონსტიტუციით ჰქონიათ განსაზღვრული უფლება მიიღონ ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომელიც მინიმუმადეა შეამცირებს ტკივილსა და ტანჯვას. თუმცა, მოდით,  კონსისტუციისა და კანონის გარეშე შევახსენოთ ერთმანეთს, რომ  ყველას გვჭირდება ზრუნვა და სიყვარული, გვჭირდება ერთმანეთი მიუხედავად ასაკისა, მიუხედავად იმისა, როგორ ვიცხოვრეთ – შეცდომებითა თუ უშეცდომოდ, მდიდრები ვართ თუ ღარიბები, რაიმე წოდებით მივდივართ იმ ქვეყნად, თუ წოდების გარეშე. მაგრამ ვიდრე ვცოცხლობთ, არ დაგვავიწყდეს მომავალი სიბერე და ყოველი ოქტომბრის მეორე შაბათს ერთად აღვნიშნოთ პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღე დევიზით – “ცხოვრება სიცოხლის ბოლომდე,” დღე, რომელსაც საქართველოში მე-3 წელია ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” აღნიშნავს. ამით კიდევ ერთხელ ვუსურვოთ ერთმანეთს სიცოხლის ბოლომდე ცხოვრება და არა არსებობა, გავიხსენოთ, რომ ყველანი დავბერდებით და რომ თითოეული ნაოჭი ჩვენს სახეზე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების კვალია.