ცხოვრების შანსი

28.03.2014

26 მარტს ათმა სოციალურად დაუცველმა ახალგაზრდამ პროფესიული განათლების პროგრამა წარმატებით დაასრულა. სპეციალური სერტიფიკატები მათ ასოციაცია „ცხოვრების შანსის” ხელმძღვანელმა გიორგი არსენიძემ გადასცა.

ასოციაციის პროექტი „სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ინტეგრაცია დასაქმების გზით” ფონდმა” ღია საზოგადოება-საქართველო”-მ 2013 წელს დააფინანსა.  

პროექტი რთული და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამის შედგენას,  მათ მომზადებას, დასაქმებას და ამ გზით  საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალისწინებდა.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ იქნა 12 სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა, რომელთა შორის იყვნენ ქსნის, კოჯრის, რუსთავის, ნორიოს ბავშვთა სახლის აღზრდილები, და ახალგაზრდები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებიდან.  სხვადასხვა მიზეზების გამო, თავდაპირველად შერჩეული 12 ახალგაზრდიდან 2-მა ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება. სასწავლო კურსი სრულად დაასრულა 10-მა ახალგაზრდამ, რომელთაც ავტომობილების შეკეთების სფეროში საფუძვლიანი პროფესიული განათლება მიიღეს.

სასწავლო გეგმა დაფუძნებული იყო თანამედროვე დუალურ სისტემაზე, რაც მოიცავდა თეორიული განათლების პარალელურად ინტენსიურ საწარმოო პრაქტიკას. თეორიისა და პრაქტიკის ერთწლიანი კურსი განხორციელდა ასოციაციის მიერ დაარსებულ სოციალურ საწარმო ავტო-სერვის ცენტრ „ავტო ლაიფში”.

ახალგაზრდებს თეორიულ სემინარებს უტარებდნენ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ხოლო პრაქტიკას გადიოდნენ ავტო სერვის ცენტრში პროფესიონალი ინსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ. სწავლების პარალელურად, ახალგაზრდებთან,  მათ მშობლებთან თუ მეურვეებთან ინტენსიურად მუშაობდნენ სოციალური მუშაკები, რაც მათ ეხმარებოდათ პირადი პრობლემების დაძლევასა თუ კონფლიქტური სიტუაციებიდან გამოსავლის მოძებნაში.

პროფესიული სასწავლო პროგრამის შედგენაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტის მანქანათმშენებლობის და ტრანსპორტის ფაკულტეტი დაWilhelm Maybach Schule გერმანიიდან.  პროექტის პარტნიორები იყვნენ CIM გერმანია, FIB e.V. გერმანია.

კურსდამთავრებულები მომავალი თვეების განმავლობაში  საწარმოო პრაქტიკას გაივლიან თბილისში არსებულ სხვადასხვა ავტო სერვის ცენტრებში.

პროექტი დასრულდება 2014 წლის 31 აგვისტოს.