წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაცია დაიწყებენ

21.06.2012

1 ივლისიდან წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს იწყებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მემო 98″ (სლოვაკეთი). პროექტს მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მემო 98 ოთხი თვის მანძილზე დააკვირდებიან, თუ რამდენად არის დაცული ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები და ის პროფესიული სტანდარტები, რაც მედიაგაშუქებისას ყველა ჟურნალისტმა უნდა დაიცვას. კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექვსი მედიამონიტორი აპრობირებული საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე დააკვირდება 11 ტელეკომპანიის, მათ შორის ოთხი რეგიონული მაუწყებლის საუკეთესო საეთერო დროს (19:00 საათიდან 24:00). ძირითადი აქცენტი გაკეთდება მედიასამალის შესაბამისობაზე „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილ პრინციპებთან.

„მართალია, ეს პროექტი არ არის ერთადერთი, რომლის ფარგლებშიც წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი ხორციელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ ორგანიზაციების მიზანია არა რაოდენობრივი მაჩვენებლების დათვლა, არამედ კონტენტის ანალიზი. ეს იქნება დაკვირვება წინასაარჩევნო პერიოდში 11 ქართული არხის საღამოს ეთერზე შინაარსობრივი ანალიზისა და ამ კონტენტის შესაბამისობის კუთხით ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებთან. კერძოდ, “მაუწყებელის ქცევის კოდექსთან”-ამბობს ხატია ჯინჯიხაძე, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მედიაპროგრამის მენეჯერი.

მემო 98 სლოვაკური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს მსოფლიოს 35 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. მემო 98-ის მიზანია, დააკვირდეს, როგორ შუქდება წინასაარჩევნო მოვლენები მედიაში და რამდენად არის დაცული ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მიწოდების პრინციპები.

მემო 98-ის წარმომადგენელი, მედიამონიტორინგის პროექტის ექსპერტი ივან გოდანსკი: „როგორც წესი, ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით რამდენად არის დაცული სამი ძირითადი პრინციპი: რამდენად მიუკერძოებელ ინფორმაციას იღებს ამომრჩეველი, რამდენად თავისუფალია საარჩევნო სუბიექტი ინფორმაციის მიწოდებისას მასმედიისთვის, რამდენად თავისუფლად მუშაობს მედიასაშუალება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად თანაბრად მიუწვდება ხელი ყველა მედიასაშუალებას საარჩევნო სუბიექტების ინფორმაციაზე, ხომ არ აქვს ადგილი მიკერძოებულობას ამათ თუ იმ მედიასაშუალების მიმართ რომელიმე პარტიის მხრიდან და ა.შ.”