წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში

14.09.2012

 

14 სექტემბერს საქართველოს ‘ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ’ და ‘მემო 98’-მა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს.

შედეგები მოიცავს პერიოდს 2012 წლის 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით და 23 ივლისიდან 5 აგვისტომდე. დაკვირვება მიმდინარეობდა 11 ტელევიზიის საუკეთესო საეთერო დროზე.

‘ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ’ და ‘მემო 98’-მა მედიამონიტორინგი 2012 წლის 1 ივლისს დაიწყეს.  მთავარი აქცენტი არჩევნების გაშუქებაზე კეთდება. კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექვსი მედიამონიტორი სამი თვის მანძილზე აკვირდება 11 ტელეკომპანიის (საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, მეცხრე არხი, რეალ ტვ, 25-ე არხი, აჭარის ტელევიზია, ტვ რიონი, მეგა ტვ), მათ შორის ოთხი რეგიონული მაუწყებლის საუკეთესო საეთერო დროს (19:00 საათიდან 24:00). მოცემული მონიტორინგის შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია შინაარსზე და არა რაოდენობრივ მაჩვენებლებზე. კერძოდ,  ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე და იმ პროფესიულ  სტანდარტებზე, რაც მედიაგაშუქებისას ყველა ჟურნალისტმა უნდა დაიცვას.  

მონიტორინგის პროცესში დამკვირვებლებმა ჟურნალისტური სტანდარტის შეფასებისას ხუთი კრიტერიუმი გამოიყენეს: მაღალპროფესიული სტანდარტი, კარგი ხარისხი, ტექნიკურად მისაღები ხარისხი, სუსტი ხარისხი (ნაკლოვანებებით), ძალიან ცუდი.

თემის შესაბამისობისა და აქტუალობის თვალსაზრისით ყველა ტელეკომპანიის შედეგი დაახლოებით ერთნაირად მაღალია და ის მერყეობს კარგსა და მაღალპროფესიულ სტანდარტს შორის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ზოგადი შეფასება „კარგ ხარისხს” აკმაყოფილებს, რიგ შემთხვევებში იხრება მაღალპროფესიული სტანდარტისაკენ. თუმცა, გამოვლინდა პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების მიერ რესპონდენტებისთვის შეკითხვების დასმის დროს შეკითხვის მიუკერძოებლობად დასმის ფაქტი.

  • „რუსთავი 2″ და „იმედი” – მისაღები ხარისხი, თუმცა საგრძნობლად დაბალი მაჩვენებელი აქვთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტში – ბალანსი.
  • „რეალ ტვ” გამოირჩევა ყველაზე დაბალი შეფასებით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ არხი ვერ სცდება „სუსტ ხარისხს” ისეთ მნიშვენელოვანი კრიტერიუმების შეფასებისას, როგორიც არის ფაქტებისა და შეფასებების გამიჯვნა, გაშუქების ტონი, ბალანსი.
  • „მაესტროს”და „მეცხრე არხის” საქმიანობის ხარისხი უახლოვდება კარგ კრიტერიუმს, თუმცა არხების მიუკერძოებლობის ხარისხს საგრძნობლად აამაღლებს პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების მიერ შეკითხვების მიუკერძოებლად დასმა. მაგალითად, გადაცემები „მატრიცა”, „არგუმენტები” და „პირდაპირი საუბრები”. ასევე, გამოვლინდა წყაროების არასრულყოფილად იდენტიფიცირების ფაქტებიც.
  • „კავკასია” – საინფორმაციო გამოშვებების მოკვლევითი მასალებისა და წყაროების იდენტიფიცირების ხარვეზების მიუხედავად, გამორიჩევა დაბალანსებულობის მაღალი ხარისხით. თუმცა, მთლიანობაში არხის მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პოლიტიკური თოქ-შოუები და განსაკუთრებით მათი წამყვანები.
  • „აჭარა”- ზოგადი შეფასება მერყეობს სუსტსა და მისაღებ ხარისხს შორის. თუმცა, შეფასება სუსტისკენ უფრო მეტად იხრება ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმების შესწავლისას, როგორიც არის ფაქტებისა და შეფასებების გამიჯვნა, ბალანსის დაცვა, სიზუსტე.
  • „25-ე არხი” – კარგი ხარისხი. თუმცა, სასურველია ყურადღება გამახვილდეს ფაქტების მეტი სიზუსტით გადმოცემის საკითხზე.
  • „რიონი” – შეფასება მერყეობს სუსტსა და მისაღებ ხარისხს შორის. გამოვლინდა კადრებისა და ტექსტის შეუსაბამობის, ასევე, ბალანსის დაუცველობის ფაქტებიც.
  • „მეგა ტვ” – სრულყოფილი შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია არხზე საინფორმაციო გამოშვებების სიმწირის გამო.

მონიტორინგის საბოლოო შედეგები 21 სექტემბერს გამოქვეყნდება.

“ქარტია მონიტორინგის საბოლოო შედეგებს „მემოსთან” მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადებს, მასში შეაფასებს საქართველოში 11 სატელევიზო არხის წინასაარჩევნო ეთერის თავისებურებებს და წარმოადგენს დეტალურ ანალიზს. ასეთი მიდგომა შექმნის უფრო სიღრმისეულ სურათს. საბოლოო შედეგებში მოცემული იქნება მნიშვნელოვანი დამატებითი კომენტარები, რომლებიც კონტენტის ანალიზს უკავშირდება და რომლებშიც შეფასებულია ბალანსი, სამართლიანობა, ობიექტურობა, სიზუსტე, აქტუალობა და გაშუქების მასშტაბი.”- ამბობს თამარ კორძაია, “საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის” ხელმძღვანელი.

მონიტორინგი ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.

აქ ნახავთ თითოეული არხის დეტალურ შედეგებს:

ანგარიში 1

ანგარიში 2

 

ნახეთ მედია

„ქართული ტელეკომპანიების მთავარი პრობლემა დაუბალანსებლობაა”— Media.ge

Palitratv.ge

ტელევიზია

პირველი არხი

მაესტრო

 

მეცხრე არხი