ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში -„ეს ჰეპატიტია…”

19.05.2010

19 მაისს ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და  კამპანიაში „ეს ჰეპატიტია…” წელს მსოფლიოს მასშტაბით 64 ქვეყანა და 280 ორგანიზაციაა ჩართული. „ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი” (UGPN) და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”  ამ დაავადებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ და ამ დღის აღსანიშნავად ფონდის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს.

კამპანიის მთავარი გზავნილია საზოგადოების დაფიქრება  კითხვაზე „მე ვარ მე-12?”, რაც  იმ  შემაძრწუნებელ სტატისტიკას ასახავს, რომლის მიხედვითაც ყოველი მე-12 ადამიანი მსოფლიოში ქრონიკული B  ან C ჰეპატიტითაა დაავადებული.

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 180 მლნ. ადამიანია C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, რაც დედამიწის მოსახლეობის 3%-ს შეადგენს;
  • B ან C ჰეპატიტით მსოფლიოში ყოველწლიურად 1.5 მილიონი ადამიანი იღუპება;
  • ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-ჯერ მეტია შიდსით დაავადებულებზე და მათმა უმრავლესობამ არ იცის თავიანთი დაავადების შესახებ;
  • C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
    დღესდღეობით C ჰეპატიტის ვირუსით დაახლოებით 200 000 ადამიანი ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 6.7%-ია ინფიცირებული.

საქართველოში პაციენტთა უმრავლესობას მედიკამენტების სიძვირის გამო დაავადების მკურნალობის, და ასევე დიაგნოსტიკის ხარჯების დაფარვა  არ შეუძლია – C ჰეპატიტის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისა და მართვისათვის აუცილებელ გამოკვლევათა საშუალო ღირებულება 1200 ლარია, ხოლო 48 კვირიანი მკურნალობის კურსისა, პეგილირებული ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციით  – დაახლოებით 9000 ევრო.  მკურნალობის ასეთი მაღალი ფასი იმითაა განპირობებული, რომ საჭირო  მედიკამენტებს მსოფლიოში მხოლოდ 2 ფარმაცევტული კომპანია აწარმოებს და ეს მედიკამენტები დაპატენტებულია. ამასთან, სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები, მკურნალობის მაღალი ფასის გამო,  C ჰეპატიტის წინასამკურნალო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვაში მონაწილეობას არ ღებულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, არ არსებობს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები; დაბალია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის ადვოკატირების პროცესში და დაავადებულთა ინფორმირებულობის დონე.

2010 წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს C ჰეპატიტის  მკურნალობის ხელმისაწვდომობის  გაზრდას, რათა მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება ჩაიტაროს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. სამუშაო ჯგუფი 9 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. სამუშაო ჯგუფში გაწევრიანება ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას შეუძლია.

“C ჰეპატიტით დაავადებულთა საქართველოს სტატისტიკა შემაძრწუნებელია, ინფიცირებულია ზრდასრული მოსახლეობის 6.7%. თუ შესაძლებელი გახდება სახელმწიფომ პილოტური პროგრამის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს მკურნალობის ფასის ნაწილობრივ დაფარვაში, შეიქმნება პრეცედენტი, რაც მომდევნო წლებში მეტი ადამიანის მკურნალობის ხარჯების დაფარვის წინაპირობა გახდება. საერთო ჯამში კი ეს იქნება ათასობით და ათეულ ათასობით ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენის შანსი.  საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის ყველანაირი რესურსი არსებობს, იქნება ეს პროფესიონალი კადრები თუ ტექნიკური აღჭურვილობა. ერთადერთი პრობლემა პაციენტებისათვის მკურნალობის ხელმიუწვდომლობაა. იმედი გვაქვს, რამდენიმე წელიწადში C ჰეპატიტის კუთხითაც ისეთივე ეფექტური პოლიტიკის გატარებას შევძლებთ, როგორც ეს აივ/შიდსის შემთხვევაში მოხდა: საქართველო მსოფლიოს იმ 9 ქვეყანას შორის არის, სადაც შიდსის მკურნალობის მხრივ ყველაზე წარმატებული შედეგები იქნა მიღწეული”- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნულოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

შეხვედრას  ღია საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ქსელური პროგრამის დირექტორის მოადგილე მარინ ბუაზონიერიც ესწრებოდა, რომელმაც ცხადად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობისათვის სახელმწიფო პროგრამის შექმნის აუცილებლობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

“მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ნების არსებობა და მთავრობის მხრიდან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის გააზრებაა საჭირო, დიდი მნიშნველობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ამ საკითხის ადვოკატირების პროცესში. სამოქალაქო საზოგადოების მუდმივი მობილიზაცია აუცილებელია. აღტაცებული ვარ იმ შედეგებით, რასაც, ამ მომენტისთვის თქვენ მიაღწიეთ და გამოვხატავ მზადყოფნას, რომ მხარი დაგიჭიროთ ნებისმიერ წამოწყებაში. დამფინანსებლებისთვის კი საქართველო იქნება კარგი მაგალითი იმისა, რისი გაკეთება გახდა შესაძლებელი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან წამოსული ინიციატივის შედეგად”- აღნიშნავს მარინი.