28 ივლისს, საქართველოში C ჰეპატიტის საერთაშორისო დღე აღინიშნა სლოგანით „მეც მიმკურნალე”.
ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ზიანის შემცირების ქსელის ორგანიზებით და ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს”, „მსოფლიო ექიმები – საფრანგეთის” და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.
საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს. ამ დაავადების მკურნალობა 20 000 ლარზე მეტი ღირს და პაციენტთა უმრავლესობას ამ თანხის გადახდა არ შეუძლია. ბევრი მათგანი 10 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაინფიცირდა და დღეს მათი მკურნალობა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
მკურნალობის ხელმისაწვდომობის მოთხოვნით ორგანიზატორები თბილისში, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.მოეწყო სიმბოლური გარბენი ბარიერებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პაციენტებმა და სხვა აქტივისტებმა. გარბენის ფინიშთან მონაწილეები მკურნალობის მომლოდინეთა სიაზე ხელს აწერდნენ. ბარიერები გამოხატავს ხარჯის მატებას მკურნალობის პროცესში. ბარიერზე გადახტომა კი ხარჯის სიმბოლურად დაძლევას და ხელმისაწვდომობის გაზრდას ნიშნავს.
###
C ჰეპატიტის მკურნალობის მომლოდინეთა მიმართვა
საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ივანე მერაბიშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილის
საქართველოს სახალხო დაცველს, ბატონ გიორგი ტუღუშს
ჩვენ, C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტები ვითხოვთ დროულ, ხარისხიან და ხელმისაწვდომ მკურნალობას. საქართველოში 200 000 ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული. მათ უმრავლესობას სრულფასოვანი დიაგნოსტირების საშუალება არ აქვს, ვინაიდან დიაგნოსტირების ფასი 1500 ლარამდე აღწევს. სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პაკეტები არ ანაზღაურებს დიაგნოსტირების ხარჯებს.
იმ შემთხვევაში, როდესაც დანამდვილებით ვიცით მკურნალობის გადაუდებლად დაწყების საჭიროების შესახებ, არ გაგვაჩნია ფინანსური შესაძლებლობა, რომ მკურნალობა დავიწყოთ. კომპანიები Hofman La Roche და MSD (Merk) მკურნალობისთვის აუცილებელი პეგილირებული ინტერფერონის ფასს ბოლო 10 წლის მანძილზე არ აიაფებენ და 48 კვირიან კურსს 15 000-დან 20 000 აშშ დოლარამდე ყიდიან. მკურნალობას, ისევე, როგორც დიაგნოსტირებას არ ანაზღაურებს სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პაკეტები.
იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მკურნალობის ფასის მნიშვნელოვნად გაიაფება და მას არ აანაზღაურებს დაზღვევა, უახლოეს პერიოდში ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ციროზით, ღვიძლის კიბოთი და ღვიძლის სხვა დეკომპენსირებული მდგომარეობის შედეგად დაიღუპება.
ადამიანის სიცოცხლის ფასი გაცილებით მაღალია იმაზე, რაც დაავადების მკურნალობა ჯდება. ამიტომ, ამ წერილზე ხელის მოწერით, ჩვენ C ჰეპატიტით ინფიცირებული მოქალაქეები:
1. ვავალდებულებთ სახელმწიფოს აანაზღაუროს C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ფასი;
2. მოვუწოდებთ ფარმაცევტულ კომპანიებს Hofman La Roche და MSD (Merk) დაწიოს მკურნალობის ფასი 2000 აშშ დოლარამდე;
3. მოვუწოდებთ სადაზღვევო კომპანიებს, შეიტანონ C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა კერძო სადაზღვევო პაკეტებში.
ჩვენ მკურნალობა გვჭირდება დღეს!
ნახეთ მედია
რადიო “თავისუფლება”- აქცია პარლამენტთან.
ჰეპა+-ის წარმომადგენელი კოტე რუხაძე რადიო “თავისუფლების” ეთერში C ჰეპატიტზე, დაავადების სიმპტომებზე და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე საუბრობს.
რადიო „ცხელი შოკოლადი”, ტოკ შოუ ლიბერალი
ტელეკომპანია „დია”