თბილისი, საქართველო
ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში, ვიხსენებთ ომის მსხვერპლებს. კიდევ ერთხელ თანადგომას ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და სხვა დაზარალებულ პირებს.
2008 წელს განხორციელდა ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, რომლის შედეგადაც, დაზარალდა ათასობით ადამიანი. სამხედრო აგრესია მიმართული იყო ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ანექსია. ოკუპაციისა და ქართველი ხალხის დევნის პროცესი დღესაც გრძელდება. ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არ სრულდება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აგვისტოს ომის პირველივე დღეებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ვიყავით ჩართულნი პროცესებში. კერძოდ, ვეხმარებოდით დაზარალებულებს და ვუწევდით მათ პირველად დახმარებას; რუსული პროპაგანდისა და კომუნიკაციების დახშობის ფონზე, არსებულ ვითარებას ვაცნობებდით საერთაშორისო მედიას და პარტნიორებს.
მოგვიანებით, ათასობით ომში დაზარალებულისთვის უზრუნველვყავით ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მომსახურება და გავუწიეთ უფასო იურიდიული დახმარება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრების წარდგენის პროცესში. აღვწერეთ 1000-ზე მეტი ომგამოვლილი ადამიანის ისტორია, რაც ანგარიშის სახით გამოვეცით და სწორედ აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს ერთერთ მთავარ დოკუმენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში.
ზემოხსენებულის ფონზე, შემაშფოთებელია, აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, პოლიტიკოსების მხრიდან, წინაასარჩევნო თუ სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის გაკეთებული განცხადებები, რომლის მიხედვით 2008 წლის ომის დაწყებაში ბრალი საქართველოს მიუძღვის.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. სასამართლოს უკვე მიმართა ათასობით დაზარალებულმა, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ რუსი და ოსი სამხედროებისა და შეიარაღებული პირების მხრიდან ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე. ამასთანავე, რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, რაც კიდევ უფრო ართულებს გამოძიების პროცესს და ჭეშმარიტების დადგენას საქმის შესახებ.
ამ ვითარებაში, დაუშვებელია, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულირება. ამან, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ომით დაზარალებული პირებისთვის სამართლიანობის აღსრულებას.
მსგავსი პოლიტიკური შეფასებები სრულ თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდასთან, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების უგულვებელყოფას და პასუხისმგებლობის პოლიტიკურ არენაზე გადატანას.
მოვუწოდებთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ სუბიექტს, პატივი სცენ საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიების პროცესს და თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისა და გამონათქვამებისგან, გადაუმოწმოებელი ან/და დამახინჯებული ფაქტების გავრცელებისგან.
###
განცხადებას ხელს აწერენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციის წევრი ექვსი ორგანიზაცია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები:
წევრები: