16 თებერვალს არასამთავრობოები, მედიასაშუალებები და მოქალაქეები პეტიციას მოაწერენ ხელს

15.02.2012

არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წამოიწყეს  კამპანია „ეს შენ გეხება”, რომლის ფარგლებშიც ისინი მოითხოვენ დღეს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა პეტიცია და საკანონმდებლო წინადადების პაკეტი, რომელსაც კამპანიის მონაწილეები ფართო საზოგადოებას ა.წ. 16 თებერვალს, ხოლო საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგენენ.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საკანონმდებლო წინადადებების პაკეტის გაცნობისა და პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვების ცერემონია გაიმართება ა.წ. 16 თებერვალს (ხუთშაბათს), 12:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის წვეულებათა დარბაზში.

პეტიცია ღიაა ხელმოწერებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და რიგითი მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ გამოხატავენ არცერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს.

სურვილის შემთხვევაში, ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ხელს არ აწერენ აღნიშნულ პეტიციას.