16 წელი აგვისტოს ომიდან

08.08.2024

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის ისტორიული გადაწყვეტილებით, აგვისტოს ომის ფარგლებში ქართულ მხარეს არ ჩაუდენია საერთაშორისო სამართლით აკრძალული არცერთი დანაშაული. 2022 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გამოძიებით გამოვლენილ ბრალდებულთა შორის არ არის არცერთი ქართველი რიგითი ჯარისკაცი, სამხედრო ან პოლიტიკური თანამდებობის პირი.

გამოძიების პროცესში ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო სამოქალაქო საზოგადოების ფონდის გუნდისა და პარტნიორების მიერ დოკუმენტირებული ომით დაზარალებული 1000-ზე მეტი ადამიანის პირადი ისტორია. კრებული სახელწოდებით „აგვისტოს ნანგრევებში“ აერთიანებს ფაქტებსა და დოკუმენტურ მასალას საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩადენილი სასტიკი და არაჰუმანური ქმედების შესახებ.

ეს ანგარიში ცხადყოფს, რამდენად ფართომასშტაბიანი და სისტემატური ხასიათის იყო 2008 წლის კონფლიქტის დროს სოფლებზე განხორციელებული იერიში. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული მასალა მოიცავს ინფორმაციას რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი სახლების, ბაღების, სახნავი მიწების, სკოლების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ, ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ  სახლების გადაწვის, სოფლების ბულდოზერით მიწასთან  გასწორებისა და სხვა მძიმე შემთხვევების შესახებ.   ფაქტები ადასტურებს, რომ დაბომბვები, რომელსაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა,  დისკრიმინაციულ და არაპროპორციულ ხასიათს ატარებდა.

ომით დაზარალებული ადამიანების პირად ისტორიებსა და ფაქტებს აგვისტოს ომის შესახებ გაეცანით კრებულში „აგვისტოს ნანგრევებში“.

2008 წლის აგვისტოში ფონდის თანამშრომლებმა გადაუდებელი ღონისძიებების მყისიერი ორგანიზება შეძლეს. ფონდმა საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყო სახსრები დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, შეკრიბა მოხალისე ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და სოციალური მუშაკები მათ გამოწვევებზე სამუშაოდ.  ამასთან, ფონდში მუშაობდა ცხელი ხაზი, სადაც შესაძლებელი იყო ინფორმაციის მიღება დევნილთა მიერ კომპაქტურად დასახლებული ობიექტების შესახებ.

ფონდი ხელს უწყობდა ადგილობრივ თუ საერთაშორისო მედიაში სწორი ინფორმაცის გავრცელებას; ასევე, ევროპული სასამართლოსთვის მომზადდა 208 განაცხადი, რომელიც 935 ადამიანის უფლებას ეხებოდა.

საკუთარი რესურსის მობილიზებასთან ერთად, ფონდი დაუკავშირდა ორგანიზაციებს, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარნენ. დაიგეგმა სხვა არაერთი აქტივობა საზოგადოების მობილიზების, ინფორმაციის გავრცელების, ადამიანის უფლებების დაცვისა თუ ჰუმანიტარული საჭიროებების მოგვარების მიმართულებით.

სიახლეები

მულტიმედია