”18-თვიანი ეკონომიკური პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის Stand-by -ის მექანიზმის ფარგლებში”

07.05.2009

ხვალ, 8 მაისს, ეკონომიკის ექსპერტი მერაბ კაკულია წარმოადგენს დეტალურ ანგარიშს თემაზე “საერთაშორისო სავალუტო ფონდის Stand-by -ის მექანიზმის ფარგლებში 750 მლნ აშშ დოლარის მოცულობის 18-თვიანი პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში”.

2008 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად თხოვნით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) დირექტორ-განმკარგულებელს 18-თვიანი ეკონომიკური პროგრამის საფუძველზე შტანდ-ბყ-ის მექანიზმის ფარგლებში 750 მლნ აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფის შესახებ. თხოვნის უშუალო მიზეზი გახდა საომარი მოქმედებები რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში.

აგვისტოს ომის უშუალო ეკონომიკური შედეგებიდან სსფ-მ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა `ნდობის დეფიციტის~ წარმოქმნას, რაც შემდეგ მოვლენებში აისახა:

  • ერთბაშად დამუხრუჭდა კერძო სექტორში უცხოეთიდან კაპიტალის ნაკადების შემოდინება, ბაზარზე მკვეთრად იკლო უცხოური ვალუტის მიწოდებამ – მხოლოდ აგვისტოში ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 330 მლნ აშშ დოლარით ანუ 23 პროცენტით შემცირდა;
  • დაიწყო ბანკებიდან დეპოზიტების განზიდვა. მათი მოცულობა აგვისტოში 400 მლნ ლარით ანუ 14 პროცენტით შემცირდა;
  • ლიკვიდობის პრობლემის გამწვავებას ბანკებმა დაკრედიტების მკვეთრი შეზღუდვით უპასუხეს;
  • პიკს მიაღწია ქვეყნის რისკის მაჩვენებლებმა.

Stand-by -ის საკრედიტო მექანიზმით სარგებლობის 18 თვის მანძილზე, მიუხედავად იმისა, საქართველო აიღებს ყოველ მომდევნო ტრანშს თუ დაიტოვებს საჭიროების შემთხვევაში მისი დაუყოვნებლივი მიღების უფლებას, მან უნდა შეასრულოს სსფ-ს წინაშე აღებული კონკრეტული ვალდებულებები, რომლებიც სპეციალურად არის გაწერილი ეფექტიანობის კრიტერიუმებისა (Performance Critería) და სტრუქტურული ორიენტირების (Structural Benchmark) სახით.

ანგარიშში განხილულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის Stand-by -ის მექანიზმის ფარგლებში დამტკიცებული პროგრამის პრიორიტეტები, მისი მონიტორინგის ეფექტიანობის კრიტერიუმების, აგრეთვე სტრუქტურული ორიენტირების მართლზომირება და შესრულების ანალიზი 2008 წლის ბოლომდე.

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს დონორი ორგანიზაციების, მთავრობის, პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართება ანგარიშის საჯარო განხილვა.

ანგარიში მომზადდა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით და გამოიცემა სერიის: “ანგარიშები, ანალიზი, რეკომენდაციები” ფარგლებში. პროექტი განხორციელდა კოალიცია “გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს” ფარგლებში, რომლის დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაციები არიან: “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, “კივიტას გეორგიკა”, “მწვანე ალტერნატივა”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო” და დამოუკიდებელი ექსპერტები.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ირინა ლაშხს 877 414128

ირინა ლაშხი
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი