19 ნოემბერს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნა

26.11.2012

19 ნოემბერს ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ოფისში გაიმართა  მოკლე დოკუმენტური ვიდეორგოლის ‘ასე ფიქრობენ ბავშვები’  პრეზენტაცია,  რომელიც გვიჩვენებს   6-დან 11 წლამდე მოზარდების დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ.

გამოფენასა და ფილმის პრეზენტაციას წინ უძღვოდა 2 საათიანი სემინარი ჟურნალისტებისთვის, რომელიც ეძღვნებოდა ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული თემების გაშუქებას ეთიკის პრინციპების დაცვით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ძალადობაგანცდილი ბავშვების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მეტად ტრავმირება. სემინარი ჩაატარა ფსიქოლოგმა ქეთევან თავართქილაძემ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდიდან.

‘ძალადობა სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს: ფიზიკური, სექსუალური, ემოციური. ძალადობის ფორმაა ბავშვის უგულებელყოფა და ექსპლოატაციაც. ეს თემები საზოგადოების მნიშვნელოვან ყურადღებას და ძალადობისაგან დაცვის სისტემებისა და რეგულაციების ჩამოყალიბებას საჭიროებს.’- ლონდონის ქინგს კოლეჯის (Kings College) პროფესორმა მარგარეტ ლინჩმა ამ საკითხზე თბილისში განათლების სპეციალისტებთან და პედაგოგებთან ისაუბრა. მარგარეტ ლინჩი ღია საზოგადოების ფონდების პროგრამის ‘აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი პარტნიორობა საზღვრებს გარეშე’ მოწვევით ოქტომბრის ბოლოს იმყოფებოდა საქართველოში.

ძალადობისგან ბავშვთა დაცვა, მოიცავს რამდენიმე ეტაპს/მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია. ეს ეტაპებია: პირველადი პრევენცია, ძალადობის რისკის/მსხვერპლი ბავშვის ამოცნობა; ძალადობის იდენტიფიცირება (რამდენად ეჭვები/ნიშნები რეალურად ძალადობის შედეგია), მოძალადის დასჯა და მსხვერპლის რეაბილიტაცია. ეს საკითხები-დაწყებული პირველადი პრევენციიდან დასრულებული მსხვერპლთა რეაბილიტაციის/მოძალადის დასჯის ჩათვლით, თითქმის თანაბრად საპასუხისმგებლოა რამდენიმე სექტორისთვის: სოციალური, ჯანდაცვა, განათლება, სამართალდამცავი ორგანოები (პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო).

თვით რეფერირების პროცედურის არსებობა-არასებობა არის ერთერთი მთავარი ინდიკატორი ქვეყანაში არსებული ბავშვთა დაცვის სისტემის შესაფასებლად.

რეფერირების პროცედურა განსაზღვრავს მთავარი სექტორების/პროფესიონალების ჩართვის თანმიმდევრობას, ვალდებულება -პასუხისმგებლობას, იმისათვის, რომ დროულად იქნას იდენტიფიცირებული ძალადობა; ეს არის სისტემა, რომელიც გვეუბნება,  ვის- რომელ სამსახურს, სპეციალისტს,  რა დროს და  როგორ  უნდა მიმართო იმისათვის, რომ დაიცვა ბავშვი ძალადობისგან. თანამშრომლობის პროცედურები იყოს თანმიმდევრული, დროული და ეფექტური და რაც მთავარია ბავშვის საჭიროებაზე ორიენტირებული, მეგობრული.

‘საქართველო წინ არის  ახლო მეზობლებთან შედარებით – გვაქვს პროცედურა; ჩვენი პროცედურა ბევრ ხარვეზს მოიცავს, მათ შორის ნაკლებადაა ორიენტირებული პრევენციაზე (არც პირველად და არც მეორადზე); საერთოდ არ არსებობს სარეაბილიტაციო სერვისები; სასურველია ინტრასექტორალური (განათლება, ჯანდაცვა, პოლიცია, სოციალური) უკეთ იყოს გაწერილი; დახვეწა სჭირდება ერთობრივი თანამშრომლობის პროცედურას და ა.შ. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, რომელთა  ახსნა შორის წაგვიყვანს და ცალკეულ შემთხვევაში ვიწრო პროფესიული მიდგომების საკითხია.’-ამბობს ლია სარალიძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდიდან.  

ნახეთ ვიდეორგოლი:

მედია ამ დღის შესახებ:

‘ასე ფიქრობენ ბავშვები’-  ინტერნეტჟურნალი ‘ამბიონი’ 

 

რუსთავი 2, დილა მშვიდობისა საქართველო

 

 

მეცხრე არხი

 

მეცხრე ინფო, ნახეთ ვიდეო.