1991-2015 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შეფასება

02.07.2015

2 ივლისს, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა და ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შეფასების ანგარიში „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2015 წლებში” გამოაქვეყნეს.

ნაშრომის პირველ ნაწილში აღწერილია საქართველოში 1991-2012 წლებში თვითმმართველობის სისტემის განვითარების ტენდენციები და შეფასებულია დეცენტრალიზაციის განვითარების პროცესი. ნაშრომის მეორე თავში განხილულია რეფორმის მზადების ეტაპი, 2013 წელს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მომზადებისა და მიღების პოლიტიკური პროცესი და მასში მოქმედ აქტორთა განწყობები, 2014 წელს ახალი ორგანული კანონის მიღების შემდგომ რეფორმის  მიმდინარეობა და პრობლემები, შეფასებულია ამ სფეროში არსებული სურათი 2015 წლის იანვრის მდგომარეობით და რეფორმის განვითარების პერსპექტივები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ანგარიში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის” ფარგლებში მომზადდა. პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის  მხარდაჭერას, თვითმმართველობის სფეროში არსებული სიტუაციის ანალიზს და რეფორმის პროცესის მონიტორინგს, ასევე საზოგადოების და მედიის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას  ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობის  შესახებ.

ნახეთ ანგარიში სრულად