2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ეს თარიღი საქართველოში წელს მეორედ აღინიშნა. ინიციატორები და ორგანიზატორები საქართველოს აუტიზმის საზოგადოება და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” იყვნენ.
ამ დღის აღნიშვნას აუტიზმის მზარდი სტატისტიკა განაპირობებს, რაც მსოფლიოს მასშტაბით ათობით მილიონ შემთხვევას უტოლდება. არსებული სტატისტიკის მიხედვით აუტიზმი მსოფლიოში 100-დან 1 ადამიანს აქვს და ყოველ 20 წუთში ერთ ადამიანს უდგინდება.
აუტიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2 აპრილს, დღის 2 საათზე, საინფორმაციო მასალების დარიგებით დაიწყო თბილისის რამდენიმე მეტროსადგურთან. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო ფოტოგამოფენა „აუტიზმის სახეები”, რომლის ავტორიც გიორგი ცაგარელია. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე აუტიზმის საზოგადოების წარმომადგენლებმა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის დააჯილდოვეს სამი ჟურნალისტი. კონსერვატორიის იმპროვიზაციის ანსამბლმა- რეზო კიკნაძემ და სტუდენტებმა კონსერვატორიის მცირე დარბაზში ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩაატარეს.
###
რა არის აუტიზმი?!
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე. აუტიზმი თანაბრად გავრცელებულია ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
საქართველოში 2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 110 ბავშვიდან 1-ს აქვს აუტიზმი.
ვებ გვერდი www.autism.ge მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას აუტიზმის შესახებ – რა არის აუტიზმი, რა არის ასპერგერის სინდრომი, არსებობს თუ არა მისი წამალი, მითები და რეალობა და სხვ.
საქართველოს აუტიზმის საზოგადოების შესახებ
საქართველოს აუტიზმის საზოგადოება შეიქმნა 2010 წელს. მასში გაერთიანებულია პროფესიონალები, აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე პირები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები.
საქართველოს აუტიზმის საზოგადოების მიზანია ხელი შეუწყოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცოდნის ამაღლებას, პრობლემების გადაჭრის პროცესში დაინტერესებული ჯგუფების მობილიზებას და სისტემური ცვლილებების გზით აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზებას.
სტატიები და სიუჟეტები ამ თემაზე:
აუტიზმის მსოფლიო დღე– ინტერნეტგამოცემა “ლიბერალი”, ავტორი: ეკა ჭითანავა, 2 აპრილი, 2012
აუტიზმის მართვა საქართველოში- ინტერნეტგამოცემა “ნეტგაზეთი”, ავტორი:ელენე ხაჭაპურიძე, 2 აპრილი, 2012
აუტიზმი – ვიცოდეთ მის შესახებ– რადიო “თავისუფლება”, ავტორი:ნინო თარხნიშვილი, 2 აპრილი, 2012.
აუტიზმი– ტელეკომპანია “იმედი”, დილის გადაცემა, 2 აპრილი, 2012.
საუბარია აუტიზმის სპექტრის დარღვევებზე და მის ნიშნებზე. გადაცემის სტუმრები არიან: ნანა ტატიშვილი, თამარ პაპალაშვილი, მაია გაბუნია, ნანა ბანძელაძე.