2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ეს თარიღი საქართველოში წელს პირველად აღინიშნა მოწოდებით ”დავარღვიოთ დუმილი”. ინიციატორები და ორგანიზატორები საქართველოს აუტიზმის საზოგადოება და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” იყვნენ. ინიციატივა განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათობით მილიონ შემთხვევას უტოლდება.
აუტიზმის სპექტრის დარღვევების შესახებ 2 აპრილს ინფორმაცია სხვადასხვა აუდიტორიას მიეწოდა. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღის მთავარი ღონისძიება გაიმართა, სადაც საზოგადოება გაეცნო საქართველოს აუტიზმის საზოგადოების ვებ-გვერდს (www.autism.ge) და აუტიზმის მართვის სტრატეგიული გეგმას. გარდა ამისა, ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყო აუტიზმის მქონე ბავშვების და მოზარდების ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, განათლების და მეცნიერების მინისტრი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეები და წევრები, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლები, უნარშეზღუდულობის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ჯანდაცვის მომსახურების განმახორციელებელი ორგანიზაციები, ბიზნესმენები, ექიმები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წამომადგენლები.
“ამ თარიღის აღნიშვნის მიზანია, რომ გავზარდოთ აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შევუწყოთ გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება. ვდილობთ, რომ ქვეყანაში შეიქმნას აუტიზმით დაავადებულთა დროული გამოვლენისა და ადრეული მკურნალობის ეფექტური სისტემა.”-ამბობს ვანო ბოკერია, საქართველოს აუტიზმის საზოგადოების წარმომადგენელი.
გარდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული ღონისძიებისა, აქციები მოეწყო ღია ცის ქვეშ: „რუსთაველისა” და „მარჯანიშვილის” მეტრო სადგურებთან, მთაწმინდის პარკში „ბომბორა” და თბილისის ზოოპარკში ამ დღის აღმნიშვნელი სიმბოლოებით მოხატულ მაისურებში ჩაცმული უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის” IV კურსის სტუდენტებმა დაარიგეს ლურჯი ფერის ბუშტები და პროკლამაციები აუტიზმის შესახებ. ჩატარდა აუტიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სპექტაკლი და მოეწყო სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრის პრეზენტაცია.
ვებ გვერდი www.autism.ge მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას აუტიზმის შესახებ – რა არის აუტიზმი, რა არის ასპერგერის სინდრომი, აუტიზმი და ასპერგერის სინდრომი, არსებობს თუ არა წამალი, მითები და რეალობა და სხვ.
ნახეთ პრეს რელიზი.