დღეს კინოთეატრ “ამირანის” დარბაზში “ამარკორდი” მარგარეტ მიდის სახელობის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი “საქართველო 2009” გაიხსნა. ფესტივალი საქდოკფილმის ორგანიზებით, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის მხარდაჭერით და ნიუ-იორკის მარგარეტ მიდის ფესტივალთან თანამშრომლობით ტარდება.
პირველი დღე მარგარეტ მიდის ფესტივალის დირექტორმა, არიელა ბენ დოვმა გახსნა, რომელიც საგანგებოდ თბილისში გამართულ ღონისძიებას ნიუ-იორკიდან ეწვია. მან აუდიტორიას ფესტივალის შექმნის იდეის, მიზნების და ანთროპოლოგ მარგარეტ მიდის პიროვნების შესახებ მოუთხრო.
თბილისში გამართულ ფესტივალზე ბრიტანელი, ჩინელი, კამერუნელი, ამერიკელი და ებრაელი რეჟისორების მიერ გადაღებული 5 დოკუმენტური ფილმი იქნება წარმოდგენილი. პრობლემათა და პერსპექტივათა დიაპაზონი, რომლითაც წელს ფესტივალი საზოგადოების წინაშე წარსდგა, დღევანდელი დღისთვის საკმაოდ აქტუალურია. ცხელი წერტილები, ბავშვების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებები- მიმდინარე წლის ძირითადი თემებია. ღონისძიება ინტერაქტიული სახისაა. ფესტივალის ბოლო დღეს დაგეგმილია თემატური დისკუსიების მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ფართო აუდიტორიის ჩართულობას მიმდინარეობის პროცესში.
წელს ფესტივალი საქართველოში პირველად 25 სექტემბერს, ქ. ბათუმში გაიხსნა, რომლის შემდეგ კარალეთში გადაინაცვლა. დღეს კი ფესტივალის თბილისში გახსნის პირველი დღეა.
ინფორმაცია მარგარეტ მიდის ფესტივალის შესახებ:
მარგარეტ მიდის ყოველწლიური ვიდეო და კინო ფესტივალი დოკუმენტური ფილმების ყველაზე ხანგრძლივი საერთაშორისო საპრემიერო ჩვენება-გამოფენაა შეერთებულ შტატებში. ფესტივალი, 1977 წელს, ამერიკის საბუნებისმეტყველო მუზეუმის მიერაა დაარსებული ანთროპოლოგ მარგარეტ მიდის 75 იუბილის და მისი მუზეუმში მოღვაწეობის 50 წლის აღსანიშნავად. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ამოცანაა, განახორციელოს მიდის მიერ დასახული მიზანი, რომელიც საზოგადოების კულტურულ დებატებში აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს. ფესტივალში ერთდროულად მონაწილეობენ საერთაშორისო არენაზე უკვე კარგად ცნობილი და დებიუტანტი რეჟისორები.
ნინო კიკნაველიძე
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა