ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” დევნილი ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმი მოაწყო.
ორი დღის განმავლობაში ასზე მეტი ბავშვი ესტუმრა ფონდს. საახალწლო ნაძვისხეზე მოწვეული ბავშვები უმეტეს წილად ახალგორიდან და დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილთა იმ ოჯახებიდან იყვნენ, რომლებსაც ფონდი საომარი მოქმედებების დროს ეხმარებოდა.
საახალწლო ზეიმზე თოვლის პაპასთან და ფიფქიათან ერთად, ბავშვებმა მარიონეტების თეატრის გმირები გაიცნეს და ჯამბაზებთან მხიარული თამაშებით და შეჯიბრით გაერთნენ.
– რაც თბილისში ვართ ესეთი სითბო და ყურადღება ჩვენ არ გვიგრძნია, გვითხრა ფონდის თანამშრომლებს ერთ-ერთი ბავშვის დედამ. სხვა მშობლებმაც აღნიშნეს, რომ ძალიან თბილ და სასიამოვნო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
დევნილ ბავშვებს ფონდმა საჩუქრებთან ერთად ბევრი სხვა სიურპრიზი დაახვედრა.
ზეიმის დამთავრებისას საახალწლო ნაძვისხის სტუმრები ფონდმა უკან ჩაიყვანა თავიანთი განსახლების ადგილებში.
– ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი იქნება, თქვა 10 წლის მარიმ…
ნინო კიკნაველიძე
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ოფიცერი
ნინო კიკნაძე
პროექტის “კანონი, მედია და ჯანმრთელობა” კოორდინატორი