2008 წლის 20-21 ოქტომბერს ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო’’ ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო ,,ვერე პალასში’’ გაიმართა ზიანის შემცირების მეორე ეროვნული კონფერენცია

22.01.2010

 

2008 წლის  20-21 ოქტომბერს სასტუმრო ,,ვერე პალასში” ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის და ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო” ორგანიზებით გაიმართა ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების მე-2 ეროვნული კონფერენცია.
კონფერენცია ჩატარდა ევროკავშირის, ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო” და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით. 

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში ზიანის შემცირების დარგის განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზიანის შემცირების იდეოლოგიისა და მიდგომების შესახებ; ადამიანის უფლებების დაცვის როლის მნიშვნელობის  მხარდაჭერა ზიანის შემცირების დარგში; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ზიანის შემცირების პროგრამების განვითარებასა და დანერგვასთან დაკავშირებული წარმატებებისა და სირთულეების შესახებ გამოცდილების გაზიარება. 

კონფერენცია გახსნეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მანან ჯებაშვილმა და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ.  

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველმა ლედიმ და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ სანდრა ელისაბედ რულოვსმა.  

კონფერენციის უცხოელი მონაწილეები წარმოდგენილი იყვნენ ზიანის შემცირების დარგის ექსპერტებით დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, უნგრეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, ასევე გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ვენის სათაო ოფისიდან.  

გაიმართა სპეციალური სესია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის, სადაც ზიანის შემცირების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისათვის  სპეციალური ჯილდოები გადაეცათ გორისა და თბილისის ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

 

       
ღონისძიების პრეს-რელიზი (ჩამოტვირთეთ) 

 

 კონფერენციისადმი მიძღვნილი ტელესიუჟეტი (ჩამოტვირთეთ) 

                 სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”

 

 

 

თეა ახობაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა