2008 წლის 22 ოქტომბერს სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში” გაიმართა ნარკოპოლიტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეხვედრა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კავშირი ,,ალტერნატივა ჯორჯია”, ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” და ევროკავშირი.
შეხვედრა მიზანად ისახავდა ქართველ პოლიტიკოსების, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და პარლამენტის წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ნარკოპოლიტიკის ანგლო-საქსონური მოდელების შესახებ.
შეხვედრაზე სპეციალური სესია დაეთმო საქართველოს ნარკოკანონმდებლობის საკითხების განხილვას, ასევე წარმოდგენილ იყო შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული კანონთა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს და დონორი სააგენტოების წარმომადგენლები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, ასევე გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ვენის სათაო ოფისის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ დროულია მსგავსი ღონისძიების ორგანიზება, რადგან საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად უკვე შესულია კანონპროექტი,რომელიც მოიაზრებს გარკვეული ცვლილებების შეტანას არსებულ ნარკოკანონმდებლობაში. გაჟღერდა იდეა, რომ პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განახორციელებს კონსულტირებას წარმოდგენილ კანონთა პროექტთან მიმართებაში.
შეხვედრაზე სპეციალური მიმართვა გააკეთეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ჯებაშვილმა,
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა და პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ.
ნარკოვითარების ალტერნატიული ანგარიში 2006-2007 წლისათვის ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი (ჩამოტვირთეთ)
ღონისძიების პრეს-რელიზი (ჩამოტვირთეთ).
თეა ახობაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა