26 მარტს გაიმართება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის თემაზე მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიშის პრეზენტაცია

22.03.2010

26 მარტს, 16:00სთ-ზე სასტუმრო  “თბილისი მერიოტში” გაიმართება  “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების შესრულების ჩრდილოვანი ანგარიში – სამოქალაქო საზოგადოების ხედვა” პრეზენტაცია.

ფონდმა  “ღია საზოგადოება – საქართველომ” 2009 წელს მონიტორინგი გაუწია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის სამ პრიორიტეტულ თემას.  ფონდის ექსპერტების, თამარ პატარაიას, ნინო დანელიას და რევაზ საყევარიშვილის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა აღნიშნული პუბლიკაცია,  რომელშიც შემდეგი თემები შევიდა:

  1. დამოუკიდებელი მედიის ფუნქციების ინსტიტუციური გარემოს შესაბამისობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებთან;
  2. ეკონომიკის სექტორში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა, შესაბამისი პროფილის კანონმდებლობა და პრაქტიკა;
  3. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების შესრულება უსაფრთხოების სექტორში დემოკრატიული  ინსტიტუტების გაძლიერების, კარგი მმართველობის / შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის დანერგვის თვალსაზრისით.

აღნიშნული პუბლიკაცია ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ”  წლის დასაწყისში, ბრიუსელში (ბელგია) გამართულ შეხვედრაზე, ევროკომისიის, ევროპარლამენტის და  ევროპის მასშტაბით მოქმედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. ბრიუსელის შეხვედრა  11-13 იანვარს ფონდ  “ღია საზოგადოება – საქართველოს”, ბრიუსელის “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” და ევროპულ სამოქალაქო ორგანიზაციათა პლატფორმის “აპროდევის” ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.