2 ივნისს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადგილობრივი უფლებადამცველი არასამთავრობო ორაგანიზაციები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ჩატარდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას 26 მაისის მოვლენებისა და არსებული მდგომარეობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები გააცნო. ანგარიში არის პირველადი დოკუმენტი და აღწერს ადამიანის უფლებების დარღვევის იმ ტენდენციებს, რომელიც გამოვლინდა 26 მაისის აქციის დაშლისას და მის შემდგომ დღეებში აქციის ადგილზე მყოფი პირების დაკავებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე.
ანგარიშში სამართლებრივად არის შეფასებული პოლიციის მიერ გამოყენებული ტაქტიკა აქციის დაშლის საწყის ეტაპზე. ყურადღება გამახვილებულია მონაწილეებისათვის გასასვლელი დერეფნების ჩაკეტვაზე. აღწერილია პროცესში მონაწილე პოლიციელების ძალები, განხილულია სპეციალური საშუალებების არაპროპორციულლობის საკითხი. ანგარიშში შესულია დემონსტრანტების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რიგი შემთხვევები დაკავების პროცესში, რაც გამოიხატა დაკავებული პირების წამებასა და რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით მოხვედრილი მოქალაქეების დაკავებაში.
ანგარიში ეფუძნება თვითმხილველებისგან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დაცვის ქვეშ მყოფი პირებისგან მიღებულ ახსნა-განმარტებებს. ასევე ღია წყაროებიდან და გავრცელებული ვიდეომასალებიდან მოკრებილ ინფორმაციას.