კოალიცია ეხმაურება გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს

21.09.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ოთარ ფარცხალაძის დაცვის მიერ ტელეკომპანია “პირველისა“ და “ფორმულას” გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს

 

მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს ოთარ ფარცხალაძის დაცვის მიერ ტელეკომპანია “პირველისა“ და “ფორმულას” გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს. კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფოდ გამოიძიოს აღნიშნული თავდასხმები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს დამნაშავე პირები. 

20 სექტემბერს ტელეკომპანია “ფორმულასა” და “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვა მედიის ჟურნალისტებს თავს დაესხა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და აპარატურა წაართვა. “ფორმულას” ინფორმაციით ნაცემია მათი ჟურნალისტი, ხოლო  “პირველის” განცხადებით გადამღებ ჯგუფს წაართვეს სამაუწყებლო აპარატურა და ტელეფონი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მედიის თავისუფლება არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ხელისუფლების მოვალეობაა უზრუნველყონ ჟურნალისტების თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა. იმ დროს, როდესაც მედიის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მაღალი საჯარო ინტერესის თემის გარშემო საზოგადოების ინფორმირების მიზნით პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, განხორციელდა მათზე თავდასხმა. აღსანიშნავია, რომ კრიტიკული მედიები, მათ შორის “ფორმულა” და “პირველი” წლების განმავლობაში აშუქებდნენ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან და სადაო თემებს, მათ შორის მის რუსეთთან შესაძლო კავშირებს. 

აღნიშნული ძალადობის ფაქტები მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლების აშკარა დარღვევაა. ხელისუფლების მხრიდან გამოუძიებელი სხვა ძალადობის, დაშინებისა და უკანონო მოსმენების შემთხვევები ახალისებენ სწორედ მსგავს თავდასხმებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტები და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავე პირები. 

სიახლეები

მულტიმედია