“კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის” პროექტი
კანონს და სამართლებრივ სტრატეგიას უმთავრესი როლი აქვს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, შესაბამისად სამართალი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მექანიზმი საზოგადოების ინფორმირებულობისათვის, ჩართულობისათვის და ანგარიშვალდებულების გაზრდისათვის. ვინაიდან ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქეთა უფლებების დაცვის პრობლემა ჯერ კიდევ შორს არის მოწესრიგებისაგან, და რადგანაც საქართველოში არ არის ცალკე სასწავლო დისციპლინად ჩამოყალიბებული “ჯანდაცვის სამართალი”, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” “კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის” პროექტმა პირველად საქართველოში ჩაატარა ტრეინინგი “კანონი და ჯანმრთელობა” მოსამართლეებისათვის და პროკურორებისათვის, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მათთვის ჯანდაცვის კანონმდებლობის და ზოგადად ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის ახლოს გაცნობა.
ტრეინინგი პროკურორებისათვის ჩატარდა გუდაურში 2006 წლის 25-29 ოქტომბერს. მონაწილენი წარმოდგენილნი იყვნენ როგორც გენერალური პროკურატურიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
ტრეინინგი მოსამართლეებისათვის ჩატარდა ბაკურიანში 2006 წლის 1-4 დეკემბერს. მონაწილენი წარმოდგენილნი იყვნენ როგორც თბილისის საქალაქო, საკასაციო და უზენაესი სასამართლოდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონალური სასამართლოებიდან.