2007 წლის 14 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართა ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) საინფორმაციო პროგრამის, ადგილობრივი მმართველობისა და საჯარო სამსახურის რეფორმების ინიციატივის (LGI) და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ერთობლივი პროექტის “ელ-გამჭვირვალობის დანერგვა საქართველოში” პირველი ფაზის შედეგების პრეზენტაცია.
პროექტის განხორციელების პირველ სტადიაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო ელექტრონული გამჭვირვალობის (ელ-გამჭვირვალობა განიმარტება როგორც საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენებით) საკანონმდებლო და ტექნიკურ უზრუნველყოფას. პროექტის ფარგლებში მომუშავე ადმინისტრაციული სამართლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტთა ორმა ჯგუფმა შეიმუშავა როგორც საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ხელმისაწვდომობის სამოდელო კანონპროექტი, ისე საჯარო ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების ტექნიკური სტანდარტები.
გამართულ შეხვედრაზე ძირითადი ყურადრება დაეთმო სწორედ ამ ორი მიმართულების განხილვას, რასაც წინ უსწრებდა პროექტის საერთაშორისო ექსპერტის, ბ-ნ ივან სეკელის (უნგრეთი) გაცნობითი ლექციები საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის საერთაშორისო მოდელების შესახებ. შეხვედრის დროს ასევე გაიმართა დისკუსია პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორიც არის ვებ-საიტის განთავსებისა და მართვის სტანდარტული პროგრამული პაკეტის შემუშავება, საქართველოში საჯარო ინფორმაციის ერთიანი საძიებო სისტემის ამოქმედება და უფასო საინფორმაციო ინტერნეტ-ცენტრის გახსნა საქართველოს რაიონებში.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილ იქნა პროექტის ფარგლებში მომზადებული პუბლიკაცია “ელ-გამჭვირვალობის დანერგვა საქართველოში: საქართველოში ინფორმაციის გამჭვირვალობის სამართლებრივი ბაზის მიმოხილვა და ინსტიტუციური მზადყოფნის შეფასებითი კვლევა”. გამოცემა წარმოადგენს 2006 წელს ფონდის მიერ გამოცემული ორი ანალოგიური კვლევის გაერთიანებულ და გადასინჯულ ვერსიას 2007 წლის დეკემბერის მდგომარებით. ეს ორი კვლევა საფუძვლად დაედო “ელ-გაჭვირვალბის პროექტის” ფარგლებში შემუშავებულ ნორმატიულ და ტექნიკურ მასალას.