ჯანდაცვის ბიუჯეტის მონიტორინგი და ადვოკატირება მედიის წარმომადგენელთათვის

20.01.2010

ა.წ 9-11 ნოემბერს დაბა გუდაურში ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” მედიის წარმომადგენლებისათვის ჩაატარა ტრეინინგი – “ჯანდაცვის ბიუჯეტის მონიტორინგი და ადვოკატირება”. ტრეინინგი ჩატარდა ფონდის კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის პროექტების – “ბიუჯეტის გამჭვირვალეობა” და “კანონის, მედიისა და ჯანმრთელობა” ფარგლებში, “სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის” პროგრამის ხელშეწყობით.   ტრეინინგში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ბეჭდვითი მედიის, საინფორმაციო სააგენტოების, რადიოების და საზოგადოებრივი მაუწყებლობის წარმომადგენლები. 

ტრეინინგის მიზანი:

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” ახორციელებს პროექტს: “სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი”. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული თავიანთი უფლებებისა და სახელმწიფოს მიერ მათთვის მინიჭებული პრივილეგიების შესახებ,  რის გამოც პროექტმა მიზნად დაისახა ზემოთ ხსენებული პროგრამის შესახებ სხადასხვა საშუალებით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.

პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით და მედიის როლის გადამწყვეტი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ფონდმა მიზანშეწონილად ჩათვალა მედია სექტორის წარმომადგენლებისათვის ტრეინინგი  მოწვეული ექსპერტების დახმარებით ჩაეტარებინა.

ტრეინინგის შინაარსი: 

ტრეინინგზე განიხილეს სამი ძირითადი თემა:

  • ინფორმაციის თავისუფლება;
  • ჯანდაცვის პოლიტიკა, ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი;
  • მედიასთან დაკავშირებული შემთხვევების გაშუქება.

 ტრეინინგს უძღვებოდნენ ბალაშ დენესი (უნგრეთის სამოქალაქო თავისუფლების კავშირი – აღმასრულებელი დირექტორი), კაკი ზოიძე (ჯანდაცვის ექსპერტი – ფონდი კურაციო) და თინა ცომაია (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – მედია მენეჯმენტის ფაკულტეტის პროგრამის კოორდინატორი).