თბილისელი დამწყები მეწარმეები ბიზნეს კონსულტაციებს გაივლიან

20.01.2010

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”აგრძელებს თანამშრომლობას ქალაქ თბილისის მერიასთან. ფონდის ეკონომიკური განვითარების პროგრამა ახორციელებს ერთობლივ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტს, რომელიც რამოდენიმე კომპონენტისაგან შედგება.

PR კამპანიის ფარგლებში დაიბეჭდა და ვრცელდება პროექტის საინფორმაციო ბუკლეტები, დამზადდა ბილბორდები და განთავსდა თბილისის რამოდენიმე ცენტრალურ ადგილას, მომზადდა სოციალური სარეკლამო რგოლი, რომელიც საქართევლოს ტელევიზიის სხვადასხვა არხის საშუალებით ვრცელდება.

პროექტის ფარგლეში ხორციელდება შემოსული განაცხადების განხილვა და აპლიკანტებთან გასაუბრება. შერჩეული პროექტები განსახილველად პროექტის პარტნიორ ბანკებს გადაეგზავნება. გასაუბრებისას ხდება ტრენინგის მონაწილეთა შერჩევა.

                პროექტის ფარგლებში დამწყებმა მეწარმეებმა და საკუთარი ბიზნესის განვითარების მსურველებმა  ორი ათდღიანი ტრენინგი გაიარეს.

ტრენინგს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო პროგრამით – “დაიწყე და სრულყავი შენი ბიზნესი” საქართველოს დასაქმებელთა ასოციაცია უძღვებოდა. სასწავლო პროგრამა რამოდენიმე საკითხისაგან შედგებოდა: იდეის კონცეფცია;

მარკეტინგი; შესყიდვები; საქმიანი თამაშები; სასაქონლო მარაგების კონტროლი; თვითღირებულების კალკულაცია; საბუღალტრო აღრიცხვა; იურიდიული პასუხისმგებლობა; საგადასახადო კოდექსი; პერსონალის შერჩევა; შემოსავლებისა და ხარჯების გეგმა; ფულადი სახსრების ბრუნვის უწყისი. საგადასახადო კოდექსისა და სესხის გაცემის საკითხებზე კონსულტაციისათვის სემინარებზე მოწვეული იყვნენ შესაბამისი სფეროს ექსპერტები.

სემინარის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგში მონაწილეობისა და სასწავლო კურისის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები. 

წარმატებულ კურსდამთავრებულებს ბიზნეს კონსულტაციებს გაუწევენ ფონდის პარტნიორი ორგანიზაციის “ეი-ბი-სი-ო ჯორჯია” კონსულტანტები. ისინი მოახდენენ პროექტის მონაწილეების მიერ წარდგენილი პროექტების ანალიზს. დაეხმარებიან მათ ბიზნეს პროექტების ბანკების მოთხოვნილებებთან შესაბამისობაში მოყვანაში, საპრეზენტაციო უნარებისა და ტექნიკის დახვეწაში, დახმარებას გაუწევენ მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს გეგმების პრეზენტაციის შემუშავებაში.