პრეზენტაციაზე წარმოდგენილი პროექტის მთავარ მიზანს ბედიანის ბავშვთა სახლისათვის მეფუტკრეობის მეურნეობის შექმნა, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების რაციონის თაფლით შევსება და ამავდროულად მათთვის სპეციალური სწავლების უზრუნველყოფა – მეფუტკრეობის პროფესიით დაუფლება წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში მომზადებული და პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ფილმი ბედიანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის მეფუტკრეობის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლების, ფუტკრის მოვლის და თაფლის ამოღების ფროცესს ასახავს. დღეისათვის ბედიანის ბავშვთა სახლის მზრუნველობას მოკლებელი 8 მოზარდი მეფუტკრეობის პროფესიას სრულად დაეუფლა და საკუთარი მეფუტკრეობის მეურნეობაზე ზრუნავენ.
ისინი ბავშვთა სახლს თაფლით თავად უზრუნველყოფენ და მზად არიან მათ მიერ ამოღებული “ზედმეტი” თაფლი და გამოცდილება სხვა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს გადასცენ. აგვისტოში მათ საკუთარი მეურნეობიდან უკვე 300-მდე კილოგრამი თაფლი და ფუტკრის რამოდენიმე ოჯახის ნამატი მიიღეს.
პროექტის იდეა ფონდის ოპერირებადი პროექტის: “უმუშევართა გადამზადება და თვითდასაქმება” ფარგლებში მომზადებულ მონაწილეებს – ყოფილი საჯარო მოხელეებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს ეკუთვნის. ჯგუფი მზად არის ანალოგიური პროექტის განხორციელება სხვა ბავშვთა სახლში დაიწყოს.