ქალთა პროგრამა ფონდში „ღია საზოგადოება – საქართველო” 1998 წლიდან მუშაობს. ამ ხნის მანძილზე თანდათან გაძლიერდა, შეიძინა მრავალი თანამოაზრე და საქმიანი პარტნიორი, რომელთაც საერთო მიზანი აერთიანებთ: ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევა, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, ქალთა სოციალ-ეკონომიკური მგდომარეობის გაუმჯობესება, ამ საქმეში საგანმანათლებლო რესურსების ჩართვა, ქალთა მოძრაობის გაძლიერება.
2006 წელი ქალთა პროგრამისთვის საეტაპო წელი იყო – ვემზადებოდით დამოუკიდებელი არსებობისთვის, ახალი ორგანიზაციის შესაქმნელად. და აი, 2007 წლის იანვარში შეიქმნა ქალთა ფონდი “ტასო”, რომელიც ქალთა პროგრამის მემკვიდრე და მისი მისიის გამგრძელებელია.
ჩვენ კვლავ ვითანამშრომლებთ გამოცდილ და საიმედო პარტნიორებთან; ვეცდებით ახალი კავშირების დამყარებას, მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერას. ფონდის “ტასო” მეხსიერების კვლევის ცენტრის ბიბლიოთეკა და არქივები ღია იქნება მკვლევართათვის, ქალთა მოძრაობის აქტივისტებისთვის.
ჩვენი საერთო ამოცანაა თანმიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული მუშაობა ქალთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოში.