2008 წლის 11 აპრილს ფონდში ,,ღია საზოგადოება – საქართველო” გაიმართა ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების დაცვის მონიტორინგის და საადვოკატო დახმარების პროექტის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრმა გააკეთა.
ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო” დაფინანსებით მიმდინარე პროექტის მიზანს წარმოადგენდა ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების დაცვა, კერძოდ – სისხლის და ადმინისტრაციულ პროცესებზე სამართლებრივი დახმარების გაწევა, სამართალწარმოების პროცესების მონიტორინგი, საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი.
პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში სამართალწარმოებაში საადვოკატო დახმარება გაეწია ნარკოტიკების 34 მომხმარებელს, ჩატარდა 287 იურიდიული კონსულტაცია, განხორციელდა 92 სასამართლო პროცესის მონიტორინგი.
პროექტის შესახებ საზოგადოებაში ინფორმაცია გავრცელდა ვიდეო რგოლისა და საინფორმაციო სტიკერების/ბროშურების გავრცელებით, ვიდეო რგოლის პრეზენტაცია/ჩვენება ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის სიღრმისეული შესწავლის მიზნით, პროექტის ფარგლებში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკვლევა, რაც მოიაზრებდა არსებული ვითარების შესწავლასა და ანალიზს.
პროექტის ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების პარალელურად მკვეთრად გაიზარდა პოლიციის მიერ ნარკოტიკების მომხმარებელთა დაკავებისა და საექსპერტო დაწესებულებებში წარდგენის მაჩვენებელი და იგი მნიშვნელოვნად აღემატება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებამდე არსებულ ციფრებს. ცვლილება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ფაქტის დადგენის მიზნით ექსპერტიზაზე წარდგენილ პირთა რაოდენობაში 2006 წლის მონაცემებით შემდეგია: 1 იანვარი – 1 სექტემბერი 2995 პირი (8 თვის განმავლობაში), 1 სექტემბერი – 31 დეკემბერი 9954 პირი (4 თვის განმავლობაში).
წარმოდგენილი ფაქტებიდან იკვეთება, რომ სახელმწიფო პოლიტიკის აქცენტები ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებაში, გადატანილია გაზრდილი ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებიდან თანხების ამოღებაში.
ანგარიშის პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ტელეკომპანიების – ,,კავკასია”, ,,რუსთავი 2” და ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” – მიერ.
თეა ახობაძე
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო”
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ოფიცერი