2008 წლის 26 თებერვალს სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა 2 ანალიტიკური ანგარიშის – “წამალდამოკიდებულების მკურნალობის შეფასება საქართველოში” და “ნარკოტიკების მომხმარებელთა რეგისტრაციის სისტემა” პრეზენტაცია. ორივე კვლევა განხორციელდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის ზიანის შემცირების განვითარების საერთაშორისო პროგრამისა და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე სამწლიანი პროექტის ,,ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების დაცვა” ფარგლებში.
კვლევაზე – ,,წამალდამოკიდებულების მკურნალობის შეფასება საქართველოში” (ჩამოტვირთეთ) დამოუკიდებლად იმუშავეს ნარკოლოგიის სამეცნიერო/კვლევითმა ინსტიტუტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ახალი გზა”, რის შემდეგაც მომზადდა ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ანგარიში. კვლევა – ,,ნარკოტიკების მომხმარებლთა რეგისტრაციის სისტემა და შემდგომი კონტროლი საქართველოში” (ჩამოტვირთეთ) განხორციელდა დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის ,,ალტერნატივა ჯორჯიას” მიერ.
ორივე ნაშრომში წარმოდგენილია დამოკიდებულების მქონე პირთა მკურნალობასა და რეგისტრაციის სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების გზები და რეკომენდაციები, როგორც დარგის სპეციალისტების ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თვალთახედვით.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი, შსს-ს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ნარკოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელები და ექიმი-ნარკოლოგები.
თეა ახობაძე |