ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება…

25.01.2010

სტიგმა, ნეგატიური წინასწარგანწყობა და ჩაგვრა ფართოდაა გავრცელებული საგანმათლებლო სისტემებში, სადაც ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვები გარიყულნი არიან მხოლოდამხოლოდ დიაგნოზის გამო, თავიანთი შესაძლებლობების მიუხედავად. დღეს ხშირად ირღვევა ასეთი ბავშვების ერთ-ერთი ძირითადი – განათლების მიღების – უფლება. ისინი იზოლირებულნი არიან დახურულ ინსტიტუციებში და მათ უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება განათლების არანაირ ფორმაზე. შედეგად, ეს იწვევს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სხვაზე დამოკიდებულებას, სიღარიბეს და სოციალურ გარიყულობას, რაც კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ სტიგმას და დისკრიმინაციას ამ ადამიანთა მიმართ.

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივის მხარდაჭერით კავშირის – ,,ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” ბაზაზე არსებულ დღის ცენტრში განხორციელდა იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მოზიდვა, რომლებიც ადრე სახლებში იყვნენ იზოლირებულნი და არც ერთ სასწავლო თუ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არ დადიოდნენ. მოხდა მათი ინდივიდუალური შეფასება მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ და სასწავლო/სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება. აქვე მათ უტარდებათ სოციალური ადაპტაციისა და  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბავშვთა ჩართვისათვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაობი, რაც ინკლუზიური განათლების მოდელს მიეკუთვნება.

ინკლუზიური განათლების მოდელი გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში. აღნიშნული მეთოდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალურ ადაპტაციას ემსახურება და  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ბავშვთა ჩართვისათვის აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაობის ჩატარებას გულისხმობს. თუმცა, ინკლუზია არ არის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის განთავსება ზოგადსაგანმანათლებლო კლასში. იგი არ არის ადამიანების გათანაბრება და იმის აღიარება, რომ ყველა ერთნაირია და თანხმობაშია ერთმანეთთან. ინკლუზია, სწორედაც  რომ განსხვავების პატივისცემას და აღიარებას გულისხმობს. ეს ჩვენი მიმღებლობაა იმ ადამიანების მიმართ ვინც სხვანაირად გამოიყურება, მოქმედებს, ფიქრობს, ლაპარაკობს.

შეზღუდული შესაძლებელობების მქონე ბავშვის ზოგადსაგანამანთლებლო კლასში შეყვანა არ არის ერთჯერადი აქტი, არამედ რთული და განვითარებადი პროცესია. ინკლუზიური განათლების მოდელის დასანერგად ძირეული ცვლილებებია საჭირო სასწავლო პროცესის ორგანიზაციაში, სწავლებისადმი მიდგომებში, სასწავლო სივრცის მოწყობაში, მასწავლებლების და ადმინისტრაციის განწყობებში.

მასალა მოგვაწოდა: ლიკა გიორგაძემ
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის – “ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივა”  კოორდინატორი