სურამის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” თანამშრომლების სტუმრობას ყოველი წლის მიწურულს ელიან. ზუსტად იცოდნენ, რომ მრავალი წლის მეგობრები მათ წელსაც არ დაივიწყებდნენ და გულთბილი სტუმრობით გაახალისებდნენ.
ფონდმაც ტრადიცია არ დაარვია და როგორც ყოველ წელს, ბარბარობის დღესასწაულზე ბავშვთა სახლს ეწვია და 49 აღსაზრდელი თბილი ტანსაცმლით, სახატავებით, სათამაშოებით, სუვენირებითა და საახალწლო ნუგბარით დაასაჩუქრა.
წლევანდელი სტუმრობა ცოტა განსხვავებული გამოვიდა. “სურამელი ბავშვები” ფონდის თანამშრომლებთან ერთად ცხინვალიდან და აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმაც მოინახულეს და გაცოცხლებული მარიონეტების მეშვეობით ხურვალეთის ზღაპრებიც უამბეს. თოჯინების თეატრის შემსრულებლებს არც მასპინძლები ჩამორჩნენ და მათ ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით დატვირთული საახალწლო ზეიმი მოუწყვეს.
სურამის ბავშვთა სახლი დედაქალაქთან ახლოს მდებარე ბავშვთა სახლებთან შედარებით მეტ ყურადღებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, უკვე მერვე წელია, რაც ფონდი, სხვა მოხალისეებთან ერთად სურამის ბავშვთა სახლს სტუმრობს და შეძლებისდაგვარად ეხმარება.