სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

25.01.2010

 

11 დეკემბერს  ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო დიალოგის დაწყება საქართველოს ციხეებში აივ/შიდსის გავრცელების პროფილაქტიკაზე მიმართული საპასუხო ღონისძიებების გასატარებლად. აღნიშნულ წამოწყებაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევენ კანადის აივ/შიდსის სამართლებრივი ქსელი, ღია საზოგადოების ინსტიტუტი და ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველო”.

სამუშაო ჯგუფის მიზანია საფუძვლის მომზადება საქართველოს ციხეებში იმ მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომების დასანერგად, რომელიც მიმართულია აივ/შიდსისა და ჰეპატიტების გავრცელების რისკის შესამცირებლად.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ ირაკლი გიორგობიანმა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ სანდრა რულოვსმა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს და  დონორი სააგენტოების წარმომადგენლებმა, ექიმმა-ნარკოლოგებმა, ზიანის შემცირების დარგში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, ექსპერტებმა აშშ-დან, კანადიდან და მოლდოვას რესპუბლიკიდან.

შეხვედრაზე განხილული იყო ციხეებში შპრიცების  და მეთადონით მხარდამჭერი თერაპიის პროგრამების განხორციელების საერთაშორისო გამოცდილება, აივ/შიდსი ციხის ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კონტექსტში, მე-8 საპყრობილეში მეთადონის დეტოქსიკაციის პროექტის განხორციელების წარმატებული მხარეები და შეზღუდვები, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ციხეებში სისხლისმიერი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების პროფილაქტიკაზე და ა.შ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო დისკუსიებს იმ ბარიერების გამოსავლენად, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს ციხეებში მეთადონის პროგრამების გაფართოებას, შპრიცების გაცვლის პროგრამების დანერგვას და ა.შ.

 

თეა ახობაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულება