BLOGROLL.GE ქართული ბლოგების პირველი კატალოგი და აგრეგატორია, რომელიც დღეს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში შეკრებილი საზოგადოების წინაშე ქართველმა პროფესიონალმა ბლოგერებმა წარადგინეს.
ეს უნიკალური ნაკრები ქართველ ბლოგერებს და მკითხველებს შორის ურთიერთობას გაამარტივებს, ხოლო ბლოგებით ახლად დაინტერესებულ ადამიანებს, ამ სივრცეში საორიენტაციოდ დაეხმარება.
რა მახასიათებლები აქვს კატალოგს, რა არის მისი ღირსებები, რით გამოირჩევა, რა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია ლიდერ საძიებო დირექტორიებთან და რა სიახლეები დაემატება მომავალში- ამ ყველაფერზე დღეს კატალოგის შემქმნელებმა ისაუბრეს.
“ქართული ბლოგების მაძიებლისთვის ეს კატალოგი შესაძლოა GOOGLE-ზე უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს იმ თვალსაზრისით, რომ ქართული ბლოგების იდენტიფიცირებას ეს დირექტორია უფრო ეფექტურად ახდენს”- აღნიშნავს ნოდარ დავითური (როკო).
ბლოგ კატალოგის შექმნა, ისევე როგორც ოქტომბრის თვეში ჩატარებული “ახალი მედიის ფორუმი” ფონდის მედიის მხარდაჭერის პროგრამის ინიციატივაა. ფართო საზოგადოებისთვის ინტერნეტმედიისა და სამოქალაქო ჟურნალისტიკის შესაძლებლობების გაცნობით, ახალი მედიის განვითარების ინიციატივების მხარდაჭერით, ფონდი თავისუფალი მედიის განვითარებას ეხმარება.