კოალიციამ “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს” შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან დაკავშირებით კამპანია წამოიწყო. კამპანია მიზნად ისახავს, პროექტის ძირითადი დონორების ინფორმირებას იმ საფრთხეების შესახებ, რაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკზე ელექტროგადამცემის გაყვანამ შეიძლება გამოიწვიოს. ეს ეკოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე დამანგრეველი მარშრუტი იქნება. კამპანიას სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.
ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელმა – PAN Parks Foundation – კამპანიის მხარდამჭერი წერილით მიმართა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებმაც საქართველოს მთავრობას აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი თანხები გამოუყვეს.
“შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი” ითვალისწინებს 500 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია/მშენებლობას დასავლეთ საქართველოდან აზერბაიჯანის და თურქეთის საზღვრამდე. პროექტის დაფინანსების წყაროდ მოიაზრება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) კრედიტი (დაახლოებით 250 მლნ ევრო), რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგების დასაძლევად გამოყოფილი 4,55 მილიარდ დოლარიანი საერთაშორისო დახმარების ნაწილია. ომის შედეგად ყველაზე მეტად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დაზიანდა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ცდილობს, პროექტის განხორციელებისას გამოიყენოს მარშრუტი, რომელიც გულისხმობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 კმ-იანი ტყის ზოლის პირწმინდად გაჩეხვას. ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ელექტროგადაცემის ხაზის მიერ ეროვნული პარკის გადაკვეთა 4,5 კმ სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდეს ისე, რომ არ გამოიწვიოს ტყის ჩეხვა და გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია სამხრეთ კავკასიაში. ას წელზე მეტია, აქ სხვადასხვა ფორმით უწყვეტად ხორციელდება დაცვის რეჟიმი. ეს ჯერჯერობით ერთადერთი ეროვნული პარკია რეგიონში, რომელიც გაერთიანებულია დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში. პარკში შემორჩენილია ხელუხლებელი ეკოსისტემები და ბინადრობს მრავალი ენდემური, რელიქტური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა, რომელთაც იცავს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა.
ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელი – PAN Parks Foundation მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო სექტორის მოთხოვნას “შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის” მარშრუტის არჩევასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მის გათვალისწინებას დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. იხ. დანართი:PAN Parks Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორის, ზოლტან კუნის წერილი KfW-ს პრეზიდენტს ულრიხ შროდერს PAN Parks Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორის, ზოლტან კუნის წერილი EIB-ს ვიცე- პრეზიდენტს ევა შრეიბერს.
აქ იხილეთ ფონდი “პან პარქსის” წერილი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის სახელზე
აქ იხილეთ ფონდი “პან პარქსის” წერილი ევროპის საინვესტიციო ბანკის სახელზე
ირინა ლაშხი
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის საბიუჯეტო გამჭვირვალობის მიმართულება