“ფარაჯანოვის ეზო”-ს თემატური გამოფენა “სასწაული, რომელიც მუდამ ჩემშია”
15 ოქტომბერს, ხელოვნების განვითარების ასოციაცია “ფორარტი”-ს ორგანიზებით “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ფარაჯანოვის ეზო” შემაჯამებელი ღონისძიება, თემატური გამოფენა “სასწაული, რომელიც მუდამ ჩემშია” გაიმართა.
პროექტის უმთავრესი მიზანია ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვართა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისა და სახელოვნებო დარგის სხვადასხვა მიმართულების სახელოსნოების დაფუძნება-გააქტიურების გზით – მათი პროფესიული განვითარების ხელშოწყობა. გამოფენაზე, ახალგაზრდებისა და უკვე წარმატებული მხატვრების სწორედ ამ სამხატვრო სახელოსნოში ერთობლივად შექმნილი ნამუშევრების კოლექცია ოყო წარმოდგენილი.
გამოფენის თემატიკა თბილისის ურბანური კულტურისათვის დამახასიათებელი კოსმოპოლიტური იდეებით იყო ნასაზრდოები, სადაც არ არსებობს მკაფიოდ გამოკვეთილი სტილი თუ მიმართულება, სადაც ქართული ნაციონალური ხასიათი ჰარმონიულად ერწყმის აბსოლუტურად განსხვავებულ გამომსახველობას.
სწორედ ამ ქალაქზე ამბობდა თავად ფარაჯანოვი: “მე დავიბადე და გავიზარდე დიად ქალაქში, სადაც აისორი და უკრაინელი, ქურთი და რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი, ქართველი და ბერძენი, თურქი და პოლონელი, ესპანელი და გერმანელი, ესტონელი და ებრაელი, ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ერთ დიდ ოჯახად, ერთ სახლად. ამ ქალაქში თავისი კოლორიტია, თავისი სურნელია, თავისი სიყვარულია და თავისუფლებაა. ამ ქალაქში, ერთ მოედანზე, დგას რუსული, სომხური და ქართული ეკლესიები, ებრაელური სინაგოგა და მუსლიმური მეჩეთი. და ამ ქალაქში, დილაობით ისმის შეძახილები: “მაწონი, მაწონი”.. ეს არის სასწაული, სასწაული რომელიც მუდამ ჩემშია.”
სწორედ ამ კოსმოპოლიტიზმითა და თავისუფლებითაა გამსჭვალული გამოფენა, თავისუფლებით, რომელიც შემოქმედებითი იდეების უშრეტი წყაროა.
ფარაჯანოვის, ანუ ერთი სტილიზებული იტალიური ეზოს ფონზე წარმოდეგნილ იქნა სახელოვნებო დარგის სხვადასხვა მიმართულებების ნამუშევრები: ტექსტილი, ფეშენი, მინანქარი, ავეჯი და აქსესუარები და ეს ყველაფერი სახელდახელოდ დადგმული თეატრალიზებული წარმოდგენისა და ცოცხალი მუსიკის ფონზე.
ნინო კიკნაველიძე
ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა