პირველად საქართველოში– “ახალი მედიის ფორუმი”
12-13 ოქტომბერს ფონდის ღია საზოგადოება–საქართველო დაფინანსებითა და მთაწმინდის პარკის მხარდაჭერით “ახალი მედიის ფორუმი” გაიმართა.
ორი დღის განმავლობაში სემინარები და პრეზენტაციები განსხვავებული თემატიკით მთაწმინდის პარკში ოთხ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პავილიონში მიმდინარეობდა და მონაწილეებს ინტერნეტმედიისა და სამოქალაქო ჟურნალისტიკის შესაძლებლობებს აცნობდა. ფორუმზე შეკრებილ მედია საზოგადოებას, რომელიც 200-მდე მოქმედ, დამწყებ, თუ სტუდენტ ჟურნალისტს ითვლიდა, შესაძლებლობა ჰქონდა სურვილისამებრ აერჩია და დასწრებოდა მისთვის საინტერესო თემატურ სემინარს.
ინსტრუქტორების სტატუსით, ახალი მედიის სფეროში წამყვანი სპეციალისტები აშშ-დან, ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იყვნენ მოწვეულნი. სემინარები ძირითადად შემდეგ თემებს მოიცავდა:
გარდა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისა, აუდიტორიამ გამოცდილი ქართველი ბლოგერების დოდი ხარხელის, მარიამ ტალახაძის, ნიკო ნერგაძის, ნოდარ დავითურისა და გიგა პაიჭაძის დახმარებით ქართულ რეალობაში ბლოგის შექმნის და ინტერნეტ მედიის გამოყენების ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტები დაინახა. გიორგი ჯაფარიძემ ქართული მედიის ახლად შექმნილი საგანმანათლებლო და საინფორმაციო პორტალი www.mediaeducation.ge წარმოადგინა, რომელიც პროფესიონალ ჟურნალისტებს, მედიატრენერებს და სტუდენტებს დაეხმარება მიიღონ მუდმივად განახლებული ინფორმაცია კონკურსების, აკადემიური პროგრამების, ვაკანსიების შესახებ. ასევე გაეცნონ სხვადასხვა ექსპერტების მოსაზრებებს და ჩაერთონ მათთან დისკუსიაში.
ფორუმი ქართული ბლოგ კატალოგის www.blogroll.ge -ს პრეზენტაციით დასრულდა, რომელიც ქართული ბლოგების პირველი კატალოგი და აგრეგატორია. ეს უნიკალური ნაკრები ქართველ ბლოგერებს და დაინტერესებულ მკითხველებს შორის ურთიერთობას გაამარტივებს.
ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა “კომუნიკაციების ეპოქა”-ში ახალი მედიის ძალის დემონსტრირება ირანის მაგალითის ილუსტრირებით მოახდინა, როდესაც, მიუხედავად საინფორმაციო ბლოკადისა, ირანში განვითარებული მოვლენების შესახებ მსოფლიომ მოქალაქეების მიერ მობილურით გადაღებული კადრების მეშვეობით შეიტყო. მან აღნიშნა, რომ ფონდისთვის ინტერნეტ-მედიის მხარდაჭერა რამდენიმე თვის წინ გახდა პრიორიტეტული და ფონდი მომავალშიც გააგრძელებს ამ სფეროში საინტერესო პროექტების ინიცირებას. ამ სფეროს დიდი მომავალი აქვს. ტრადიციულ მედიას თავისი მომხმარებელი ჰყავს, ახალს კი-თავისი ეყოლება.
“უდავოა, რომ ახალ მედიას, რომელსაც დღეს უკვე სოციალურ მედიას უწოდებენ, დიდი მომავალი აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა ის ბოლომდე ვერ შეცვლის ტრადიციულ მედიას. ერთ-ერთი პრეზენტაციის სათაური “Guttenberg vs. Twitter” კარგად გამოხატავს იმ დაპირისპირებას, რომელიც არსებობს ქაღალდზე დაბეჭდილ და მობილურზე ან კომპიუტერზე აკრეფილ სიტყვებს შორის, რომლებსაც შესაძლოა მეტი მკითხველიც კი ჰყავდეს.”-აღნიშნა მან.
პრეზიდენტ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის ახალი მედიის კოორდინატორის მერისი ვინტონის თქმით, რომელიც ინსტრუქტორის სტატუსით იყო მოწვეული, ქართველი აუდიტორიის ინტერესი ინტერნეტ სივრცეში ახალი შესაძლებლობების შესწავლის მიმართ ძალიან დიდი აღმოჩნდა. “აუდიტორიის ცხოველმა ინტერესმა გამაოცა. ჩვენ განვიხილეთ ახალი მედიის სხვადასხვა ასპექტები. მუშაობის პროცესში ერთად ვეძიებდით მონაწილეების მიერ წამოჭრილი საკითხების ეფექტურად გადაჭრის გზებს”-განაცხადა მან.
ფორუმი განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა იმ მონაწილეთათვის, რომლებიც ახალი მედიის შესაძლებლობების გამოყენების და ტექნოლოგიების დაუფლების პირველ ნაბიჯებს დგამენ.
“ჩვენ ახალი გაკეთებული გვაქვს ჩვენი ჟურნალის “ლიბერალი”-ს საიტი. ყოველთვის გვიჭირდა მკითხველებთან ურთიერთობა, მათგან უკუკავშირის მიღება. არადა მე ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობს მკითხველი ჩემს სტატიაზე. ამ ორი დღის განმავლობაში მივიღე უდიდესი ცოდნა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ვებ გვერდი ეფექტური კომუნიკაციისთვის. ინსტრუქტორებმა ამის უფასო გზები შეგვასწავლეს. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რას გავაკეთებ ამ დღეებში და რით დავიწყებ”-ამბობს ანიტა თვაური- liberal.ge-ს ჟურნალისტი.
ჩატარებული სემინარების, ინსტრუქტორების და ფორუმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: www.newmediaforum.ge
ნახეთ რას წერენ ქართველი ბლოგერები ფორუმის შესახებ:
http://globalvoicesonline.org/2009/10/14/georgia-new-media-forum/
http://bigcrow.ge/2009/10/14/new-media-forum-2009/
http://komunage.blogspot.com/2009/10/blog-post_2775.html
საკონტაქტო პირი:
ხატია ჯინჯიხაძე
მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი