25 სექტემბერს, ქ.ბათუმში, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის მხარდაჭერით მარგარეტ მიდის სახელობის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი “საქართველო 2009” გაიხსნა. ღონისძიება საქდოკფილმის ორგანიზებით, ნიუ-იორკის მარგარეტ მიდის ფესტივალთან თანამშრომლობით გაიმართა და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
პრობლემათა და პერსპექტივათა დიაპაზონი, რომლითაც წელს ფესტივალი საზოგადოების წინაშე წარსდგა, დღევანდელი დღისთვის საკმაოდ აქტუალურია. ცხელი წერტილები, ბავშვების, ქალების, უნარშეზღუდული ადამიანების უფლებები- მიმდინარე წლის ძირითადი თემებია.
ფესტივალზე 10 დოკუმენტური ფილმი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის თემატურად შესაბამისი 4 ქართველი რეჟისორის ნამუშევარი. კერძოდ, “დადუმებულები” (სალომე ჯაში), “შინ და უკან” (ლევან ღლონტი), “ამერიკა ერთ ოთახში” (დავით კანდელაკი), “ქალები საქართველოდან” (ლევან კოღუაშვილი).
ღონისძიება ინტერაქტიული სახისაა. საფესტივალო ჩვენების ფარგლებში დაგეგმილია თემატური დისკუსიების მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ფართო აუდიტორიის ჩართულობას მიმდინარეობის პროცესში. ფესტივალი ქ. ბათუმის შემდეგ გორსა (15-17 ოქტომბერი) და თბილისში ( 1-6 დეკემბერი) გადაინაცვლებს. ჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსიები ადამიანის უფლებების თემაზე.
ინფორმაცია მარგარეტ მედის ფესტივალის შესახებ:
მარგარეტ მიდის ყოველწლიური ვიდეო და კინო ფესტივალი დოკუმენტური ფილმების ყველაზე ხანგრძლივი საერთაშორისო საპრემიერო ჩვენება-გამოფენაა შეერთებულ შტატებში. ფესტივალი, 1977 წელს, ამერიკის საბუნებისმეტყველო მუზეუმის მიერაა დაარსებული ანთროპოლოგ მარგარეტ მიდის 75 იუბილის და მისი მუზეუმში მოღვაწეობის 50 წლის აღსანიშნავად. ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ამოცანაა, განახორციელოს მიდი მიერ დასახული მიზანი, რომელიც საზოგადოების კულტურულ დებატებში აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს. ფესტივალში ერთდროულად მონაწილეობენ საერთაშორისო არენაზე უკვე კარგად ცნობილი და დებიუტანტი რეჟისორები.
თანდართული დოკუმენტები წარმოგიდგენთ ფესტივალის დღის წესრიგს და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას მარგარეტ მედის კინო ფესტივალის შესახებ.
ნინო კიკნაველიძე
ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა