საქართველოს გაზეთებმა ფონდის მხარდაჭერით განახლებული ვებ გვერდების პრეზენტაცია გამართეს

26.01.2010

 

საქართველოს გაზეთებმა  ფონდის მხარდაჭერით განახლებული ვებ გვერდების პრეზენტაცია გამართეს

 

24 სექტემბერს, ფონდის ღია საზოგადოება საქართველო ოფისში  მედიის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გაზეთების  “24 საათი,  “კვირის პალიტრა”  , “რეზონანსი”  , P.S” და “გურიის მოამბე”  განახლებული ვებ-გვერდების პრეზენტაცია გაიმართა.

კონკურსი ამა წლის გაზაფხულზე გამოცხადდა და მიზნად ისახავდა გრანტის გაცემას არსებული პერიოდული ბეჭდური მედიის ინტერნეტ საიტების გაუმჯობესებისათვის. შედეგად, ფონდმა 5 გამარჯვებული გაზეთი გამოავლინა და  6000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტით დააჯილდოვა.გაზეთებმა ვებ გვერდების სრულიად განახლებული ვერსიები წარმოადგინეს, როგორც დიზაინის, ასევე პროგრამული შესაძლებლობების თვალსაზრისით.  

გაზეთმა “24 საათი” უახლესი ტექნიკური საშუალებებით, RSS ფუნციითა და მულტიმედიის ატვირთვის შესაძლებლობით აღჭურვილი საიტი წარმოადგინა. “თავდაპირველად ჩვენი სურვილი იყო, გაზეთი გამხდარიყო უფრო ინტერაქტიული, მოგვეზიდა ის მომხმარებელი, რომელიც ციფრულ მედიას ადევნებს თვალყურს და კარგად იცნობს მის შესაძლებლობებს”- განაცხადა გაზეთის ინტერნეტ პროექტის ხელმძღვანელმა თამუნა ნასყიდაშვილმა.

გაზეთ , ,,P.S.”-ის  მთავარმა რედაქტორმა და გამომცემელმა  ნატო გუბელაძემ  პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ გაზეთის ძველ ინტერნეტ ვერსიას  მწირი რესურსები გააჩნდა  და იქ  მხოლოდ ტექსტების გამოქვეყნება იყო შესაძლებელი. მისი თქმით, საიტზე არ არსებობდა საძიებო ფუნქცია და სწორედ ამიტომ,  რედაქციამ გადაწყვიტა გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღება.

,,განახლების შემდეგ  საიტი   უფრო ინტერაქტიული გახდა,  ეს კი    გაზეთის ცნობადობას გაზრდის.  აქამდე, ვერ ვახერხებდით ჩვენი გამოცემის მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელებას, ინტერნეტის საშუალებით კი აუდიტორია გაგვეზრდება და  მკითხველი, არა მარტო  საქართველოში, მის   ფარგლებს გარეთაც გვეყოლება”,  განაცხადა გუბელაძემ.

გიორგი ჟორჟოლიანმა, გაზეთ „კვირის პალიტრის” წარმომადგენელმა,  პრეზენტაციაზე გაზეთის სრულიად განახლებული ვებგვერდი წარმოადგინა, რომელშიც გაზეთის ბეჭდვითი ვერსიის კორპორატიული დეტალები შენარჩუნებულია.  ვებ გვერდზე ატვირთულია გაზეთის არქივი და მასალები. მასალები დახარისხებულია თემატიკის მიხედვით, მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით. „თუკი  ადრე,  საიტის მომხმარებელს გაზეთში გამოქვეყნებულ რამდენიმე წამყვან სტატიას ვთავაზობდით, დღეს მათ გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ”, განაცხადა გიორგი ჟორჟოლიანმა.

“მიუხედავად იმისა, რომ ვებ გვერდი ცოტა ხნის წინ გაიხსნა, ვიზიტორთა სტატისტიკური მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია. ეს იყო პირველი გრანტი, რომელიც კვირის პალიტრამ მიიღო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ელექტრონული გაზეთი რედაქციის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროდ იქცევა”- განაცხადა ჟორჟოლიანმა. ასევე განაცხადა გაზეთის”გურიის მოამბე” რედაქტორმა ლადო მენაბდემ: ” ჩვენ განსაკუთრებული მადლობა გვინდა მოვახსენოთ ფონდს.

მას შემდეგ რაც გურიაში, ბილბორდების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია გაზეთის ვებ გვერდის შექმნის შესახებ, გაორმაგდა მოთხოვნა ბეჭდვურ გამოცემაზეც, რაც ჩვენთვის კომერციული თვალსაზრისით მომგებიანია”.

ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” დირექტორმა  ქეთი ხუციშვილმა პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, რომ  მედიის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად  დარჩება მომდევნო  წლის განმავლობაშიც.

 

ხატია ჯინჯიხაძე
მედიის განვითარების პროგრამის მენეჯერი