“ღია გალერეა” ცხინვალელი ფერმწერის
ნოდარ გიუნაშვილის
პირველი პერსონალური გამოფენით გაიხსნა
ევროპაში მოღვაწე, მსოფლიოს ხელოვანთა წრეებში კარგად ცნობილი ფერმწერის ნამუშევრები ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ ერთხელ, 90-იანი წლების დასაწყისში იხილა. 1991-2008 წლებში იგი მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, რუსეთში, ჰოლანდიასა და ბელგიაში. ევროპაში 18 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ნოდარ გიუნაშვილმა სამშობლოში პირველად გამართა გამოფენა და ქართული საზოგადოების წინაშე სერიით “მე და შენ” წარსდგა.
დამსწრე საზოგადოებას ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო”დირექტორი ქეთევან ხუციშვილი და ნოდარ გიუნაშვილი მიესალმნენ. “მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი გალერეა, რომელიც დღეს ამ გამოფენით გაიხსნა, საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრების, რეგიონის მხატვრების და დევნილი ადამიანების შემოქმედების წარმოჩენას”, აღნიშნა, ფონდის დირექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა.
“ამდენი წლის შემდეგ პირველად გავბედე პერსონალური გამოფენის მოწყობა საქართველოში, რადგან ეს უდიდეს პასუხისმგებლობად მიმაჩნდა ჩემი პედაგოგების, კოლეგების და პუბლიკის წინაშე. საზღვრებს გარეთ უფრო მარტივად ვაძლევდი თავს ამის უფლებას. ფონდს “ღია საზოგადოება-საქართველო” განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ გამოფენის მოწყობაში, რადგან მათი დახმარების გარეშე ეს ღონისძიება ვერ შედგებოდა”, ამბობს მხატვარი.
“ღია გალერეა” 29 სექტემბრამდე უმასპინძლებს ნოდარ გიუნაშვილის ნამუშევრებს, რის შემდეგაც იგი კვლავ საფრანგეთში, ქ.კოლმარში გაემგზავრება.
ინფორმაცია მხატვრის შესახებ:
ნოდარ გიუნაშვილი დაიბადა 1960 წლის 20 სექტემბერს ქ. ცხინვალში. 1975-1978 წლებში სწავლობდა ქ. ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. მისი პირველი გამოფენა ქ. თბილისში 1988-1991 წწ. გაიმართა. მას შემდეგ საქართველოში პერსონალური გამოფენა აღარ ჰქონია, თუმცა მონაწილეობა აქვს მიღებული რიგ კოლექტიურ გამოფენებში. იგი არის იუნესკოს მხატვართა საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
ინფორმაცია საგამოფენო დარბაზის “ღია გალერეა” შესახებ:
“ღია გალერეა” ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” ოფისში 17 სექტემბერს გაიხსნა. გალერეა ორიენტირებულია საზოგადოების გააცნოს უცნობი ახალგაზრდა მხატვრების, რეგიონებში მოღვაწე მხატვრების, დევნილი მხატვრების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების ნამუშევრები.
ანა ტოკლიკიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი